თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებებში მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი საზღვრები, რომლის გადალახვაც არ შეიძლება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მოლაპარაკებებმა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს მოლაპარაკებები მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ირწმუნებიან, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას დაუკარგავს.
„გაზპრომის“ თემატიკა — არ არის არც მხოლოდ ეკონომიკა და არც მხოლოდ ენერგეტიკა, „გაზპრომის“ თემატიკა არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის მერე უკვე ენერგეტიკაც და ეკონომიკა. და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს ჩარჩო ურთიერთობის, რომლის კონტექსტში იწარმოება „გაზპრომთან ურთიერთობა“, განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ჩარჩოების დაწესება სხვა სფეროებში რუსეთთან მოლაპარაკებებისას საჭირო არ არის.
„არ ვამბობ, რომ ასეთი ჩარჩო უნდა ჩამოვუყალიბოთ, მაგალითად, ბატონ ზურაბ აბაშიძეს (პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი), რომელიც ძალიან ეფექტურად თანამშრომლობს ეკონომიკური და კულტურული საკითხების ირგვლივ“, — დასძინა მან.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველო რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც რუსეთიდან სომხეთშიბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნედლეულით გადახდის ნაცვლად, ფულად გადახდაზე გადასვლას სთავაზობს. უწინდელი შეთანხმების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამავდროულად, ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაზპრომისგან“ კომერციული გაზის შესყიდვას აპირებს.