თბილისი, 2 მარტი — Sputnik. პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამ კოალიციას მთლიანად პარტია დატოვებს, განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.
საუბრები თოფაძის პარტიის „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც თოფაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა.
„გოგი თოფაძე არაფერს დატოვებს… თუ პარტია დატოვებს (კოალიციას), მაშინ თოფაძე მასთან ერთად დატოვებს კოალიციას“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება — მრეწველების“ დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მმართველი კოალიციის წევრებმა თოფაძის განცხადება დაგმეს. მას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში არსებულ ვითარებას კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ თოფაძემ კამპანია მის წინააღმდეგ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების მითითებით დაიწყო.
არჩევნები საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, სადაც მმართველი კოალიციის წევრი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 49,5%-ით გაიმარჯვა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს მხოლოდ 3,67%-ით აჯობა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგებზე მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობამ, ასევე ხმების დათვლის დროს თავდაცვის მინისტრის ადგილზე ყოფნამ იმოქმედა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ მუხლით.