თბილისური უქმეები: 26-28 თებერვალი

გამოწერა
ავტოსტოპით ზღვამდე, „ოსკარ-ფართი“, ექსკურსიები ორსართულიანი სიმაღლიდან, ფრედერიკ ბეგბედერის ვნებანი ქართულ სცენაზე და სხვა მრავალი გართობა... კიდევ გსურთ ზამთრის ბოლო უქმეების დივანზე გატარება?!

პარასკევი, 26 თებერვალი

საქართველოს დედაქალაქიდან პირდაპირ ოლიმპიური თამაშების სამშობლოში — საბერძნეთში მოხვედრა სპექტაკლით „გიჟი ოლიმპიელები“ შეგიძლიათ. ის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. ქართველი მიმები პლასტიკის საოცარი ენით საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდებიან. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისის კინოთეატრი - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ?

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უდროოდ და ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ფერმწერის გიგა დათუაშვილის (1976-2000) სურათების გამოფენაზე გვეპატიჟება. ექსპოზიცია მხატვრის დაბადებიდან 40 წლისთავს ეძღვნება და მასზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ გასული წლის 90-იანი წლების ბოლოს შესრულები პორტრეტები, გრაფიკული ნახატები და ლიტერატურული პერსონაჟების ინტერპრეტაციები. გამოფენა 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

პოპულარული სტამბოლელი დიჯეის Semih Akay-ს, ასევე ქართველი მუსიკოსების  Pasha-სა (პაშა მიქელაძე) და Cobert-ის საღამოზე მოხვედრა Hubble-ში შეგიძლიათ. ბილეთები შესასვლელში და eventer.ge-ზე იყიდება. საღამო 23:00 საათზე დაიწყება და დილამდე გაგრძელდება.

შაბათი, 27 თებერვალი

საქართველოს ჩემპიონატი ავტოსტოპში თავგადასავლების მოყვარულებს იწვევს! წესები მარტივია: კონკურსანტების წყვილი თბილისიდან ბათუმში რაც შეიძლება მალე უნდა მოხვდეს, თან ავტოსტოპით. ამასთან, მონაწილეებმა კონკრეტული ადგილები უნდა გაიარონ (ამ ადგილებს სტარტის დღეს მიუთითებენ) და ამ პუნქტების ფონზე ფოტო გადაიღონ. სტარტი 27 თებერვალსაა. 09:30 საათზე, ვარდების მოედანზე. ვოიაჟი მწვანე კონცხზე დასრულდება. შეჯიბრების გამარჯვებულები საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრიზებს მიიღებენ.

რევიზორი - Sputnik საქართველო
გრიბოედოვის თეატრის „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს

სამეცნიერო-შემეცნებითი ექსკურსია ბავშვებისთვის პატარებსა და მათ მშობლებს ორსართულიან წითელ ავტობუსზე ელოდება. ექსკურსია 16:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბავშვებს ზღაპრის პერსონაჟები გაართობენ. ადგილები შეზღუდულია. შვიდ წლამდე ბავშვებისთვის შესვლა თავისუფალია!

რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლ „რევიზორის“ ნახვა, რომელიც გასული წლის საუკეთესო დადგმად აღიარეს, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული თეატრის სცენაზე შეგეძლებათ, დასაწყისი — 18:00 საათზე. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და  საიტზე biletebi.ge.

თბილისელი დიჯეები ფსიქოდელიურ მუსიკას დედაქალაქის Café-Gallery-ში წარმოადგენენ. უკრავენ მუსიკოსები Marcus (ირაკლი დავარაშვილი) და Additivv. მუსიკალურ ფსიქოდელიკაში „ჩაძირვა“ 23:00 საათზე იწყება.

კვირა, 28 თებერვალი

ქართველი მხატვრის მირიან ჭანკვეტაძის გამოფენის „მალე გაზაფხული მოვა“ ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ 1 მარტამდე შეგიძლიათ. ექსპოზიცია 25 ორიგინალურ პეიზაჟს წარმოადგენს, რომელიც ავტორმა გრაფიკული ტექნიკით შეასრულა. მათი შექმნისკენ მხატვარს სამშობლოდან დიდხანს შორს ყოფნამ უბიძგა.

ფრედერიკ ბეგბედერი - Sputnik საქართველო
ცნობილი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოვა

კასტინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (შშმპ) საცეკვაო ოლიმპიადისთვის Bambata Dance Club-ში 14:00 საათზე გაიმართება. რიგით მეშვიდე საცეკვაო ოლიმპიადა საქართველოში 2016 წლის 16-17 აპრილს გაიმართება. კონკურსანტებს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პროფესიონალი ინსტრუქტორები მოამზადებენ. ოლიმპიადის მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი 15 წელია!

მართალია, რომ 99 ფრანკად სიყვარულისა და ბედნიერების ყიდვა შეგიძლია? ამის შემოწმება გიორგი შავგულიძის სახელობის თბილისის თეატრის სცენაზე იქნება შესაძლებელი. არაერთმნიშვნელოვან და სკანდალურ სპექტაკლს „99 ფრანკი“ ფრედერიკ ბეგბედერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით თეატრალური დასი GoodFellas წარმოადგენს. სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.

ნამდვილი კინოს ატმოსფეროში მოხვედრა ამერიკული პრემია „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის დღეს თბილისში Famous Restaurant & Music Salon-ში Oscar Party-ზე შეგიძლიათ. აქ გელოდებათ ცნობილი წითელი ხალიჩა, საინტერესო პრიზების გათამაშება, ბევრი შამპანური, ლამაზი მუსიკა და დაუვიწყარი ემოციები. Oscar Party 20:00 საათზე იწყება. არ გამოტოვოთ!
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0