კინო თბილისში: რა ვნახოთ?

© photo: Sputnik / Нази Жоржолианиთბილისის კინოთეატრი
თბილისის კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრუტალური ვენსან კასელი, ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროთა ბრძოლა და ადამიანური ვნებებით შეპყრობილი ცხოველთა ქალაქი — დროა თბილისში დაუვიწყარი კინოუიკენდი მოვაწყოთ. Sputnik–ი ყველაზე საინტერესო ფილმებსა და კინოპრემიერებს მიმოიხილავს, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს.

25 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt) — სათავგადასავლო–ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჟერარდ ბატლერი, ჯეფრი რაშემი და ნიკოლაი კოსტერ–ვალდაუ თამაშობენ. ფილმი  ძველეგვიპტური მითოლოგიის მიხედვითაა გადაღებული. სურათის სიუჟეტის მიხედვით, ოდესღაც აყვავებული ეგვიპტური სამეფო სრულ ქაოსში იძირება: ომისა და სიკვდილის დაუნდობელი ღმერთი სეთი საკუთარ ძმას, ოსირისს კლავს და ტახტს ხელში იგდებს. მას ერთი უბრალო მოკვდავი, საზრიანი ახალგაზრდა ქურდი უპირისპირდება, რომელსაც თავისი უმშვენიერესი შეყვარებულის ცოცხალთა სამეფოში დაბრუნება სურს და ამიტომ ყოვლისშემძლე და მრისხანე ღმერთ ჰორსა და სიყვარულის ქალღმერთ  ჰათჰორს უკავშირდება.

ფრანგული დრამა „ჩემი მეფე“ (Mon roi), რომელშიც მთავარ როლს ვენსან კასელი ასრულებს, სინამდვილეში ფილმი–ემოცია, ფილმი–ნერვია. თქვენ იხილავთ დრამატიზმით გაჯერებულ ისტორიას, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის ათობით წლის განმავლობაში არსებული ურთიერთობის გადასინჯვაზე მოგვითხრობს.  კა ცი — დიდებული და მაცდური რესტორატორი, შეუდარებელი ქარიზმითა და იუმორის გრძნობით, რომელიც დაღალა ცეცხლოვანმა რომანებმა და ახლა მშვიდი, მყუდრო ცხოვრება და შვილი უნდა. ქალი — ორმოც წელს მიღწეული წარმატებული ადვოკატი, სიმპათიური, მხიარული და ასევე ოჯახის შექმნის მოსურნე. მაგრამ ერთად მათ უკიდურესად რთული და წინააღმდეგობრივი ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება ელით. „ჩემი მეფე“ ფრანგულ „სეზარზე“ ერთ ბაშად რვა ნომინაციაშია წარდგენილი. ფილმზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.

„კარს მიღმა“ (The other side of the door) — ეს რეჟისორ იოჰანეს რობერტსის მისტიკური ფილმია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებსაც ტრაგიკულად ეღუპებათ შვილი. სასოწარკვეთილი დედა რაღაც უძველესი რიტუალის თაობაზე შეიტყობს, რომლის მეშვეობითაც გარდაცვლილის დროებით დაბრუნება და მასთან დამშვიდობებაა შესაძლებელი. მიტოვებულ ტაძარში ქალი პოულობს ცოცხლებისა და მიცვალებულების დამაკავშირებელ პორტალს — კარს, რომელსაც აღებს და ამით სიცოცხლისა და სიკვდილის ბალანსს არღვევს.

„ზოოთოპია“ (Zootopia) — ეს ანიმაციური ფილმია თანამედროვე ქალაქზე, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები სახლობენ: დაწყებული უზარმაზარი სპილოებით, დასრულებული პაწაწინა თაგვებით.

ზოოთოპია რაიონებადაა დაყოფილი, რომლებშიც სრულად მეორდება ცხოველთა ბუნებრივი ბინადრობის პირობები. აქ არის ელიტური რაიონი საჰარის მოედანი და პირქუში ტუნდრათაუნი. ერთხელაც პოლიციის ახალ ოფიცერს, მხიარულ კურდღელ ჯუდი ჰოფსსა და მის მოლაყბე პარტნიორს, ეშმაკ მელიას ნიკ უაილდს რთული საქმის გახსნა მოუწევთ, რაზეც ზოოთოპიის მცხოვრებთა ბედია დამოკიდებული.

მულტფილმი „ბუმბულიანი ბანდა“ (El Americano: The Movie) — ეს თუთიყუშ კოროსა და მისი საყვარელი სუპერგმირის ელ ამერიკანოს თავგადასავალია 3D ფორმატში.

გასულ კვირას კინოგაქირავებაში გამოვიდა წარმატებული ფილმის, ბენ სტილერის წარმატებული სიქველი, კინოკომედია „ზულენდერი 2“ (Zoolander 2), საშინელებათა ფილმი „ზომბების ცრურწმენა და სიამაყე“ (Pride and Prejudice and Zombies) და „ლაჟვარდოვანი სანაპირო“ (By the Sea), რომელშიც ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილი თამაშობს.

თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ კომედია „აქტიურ ძიებაში“ (How to Be Single), რომლის რეჟისორიც კრისტიან დიტერი გახლავთ, და ასევე კომედიურ–ფანტასტიკური ბოევიკი „დედპული“  (Deadpool), რომელიც რეჟისორ ტიმ მილერს ეკუთვნის.
თბილისის კინოთეატრებში გრძელდება შემდეგი ფილმების ჩვენება:

• კომედია „მსუბუქი ყოფაქცევის ბაბუა“, რომელშიც მთავარ როლს რობერტ დე ნირო ასრულებს;

• მელოდრამა „რომაული პაემნები“ (All Roads Lead to Rome);

• პაროდია „შავის ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades of Black);

• საშინელებათა ფილმი „თოჯინა“ (The Boy).

„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან ამ უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ: „გადარჩენილი“, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, „გოგონა დანიიდან“ და „ყურადღების ცენტრში“; ასევე  საბავშვო ფილმები: „კუნ ფუ პანდა 3“, რომელიც ოსტატ პოს ახალ თავგადასავლებზე მოგვითხრობს და „ელვინი და თახვები — გრანდიოზული თახვგადასავალი“.

 სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0