თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. მიუნხენის კონფერენცია 12 თებერვალს დაიწყო და მუშაობა დღეს, 14 თებერვალს დაასრულა.
პრემიერის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციის ტრიბუნა საქართველომ მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ქვეყნების ლიდერები ხვდებიან, საუბრობენ უსაფრთხოების სიტუაციაზე და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დღის წესრიგი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა გეგმები გვაქვს და რა პრობლემები გვაქვს, ინფორმაცია წარმოვადგინოთ საერთაშორისო პლატფორმაზე,"- განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. კვირიკაშვილის განცხადებით, "იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველას მხრიდან, ვისაც კი ჩვენ შევხვდით“.
„გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ბევრი ლიდერი და გვქონდა სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ“, — აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა მნიშვნელოვნას შეაფასა საქართველოს მონაწილეობა კონფერენციის თემატურ პანელზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბალკანეთის ოთხი ქვეყანა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია. "თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს უკვე განიხილავენ ამ ქვეყნების რიგში, არის ძალიან დადებითი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მიუნხენის ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატების შესრულება, რაც თემატურ პანელზე მისი სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა იყო.
„დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და აქ უკვე საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი განცხადება პანელზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს ამ კუთხით", — აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე შეეხო ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან გამართულ შეხვედრას. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებს.
საქართველოდან კონფერენციაში სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. პრემიერი მოხსენებით წარდგა თემატურ შეხვედრაზე „სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.