თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების სათანადოდ დაფასება ევროკავშირის მხრიდან აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდაცია ევროპული ღირებულებების გარშემო, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი მოხსენებით გამოვიდა თემატურ შეხვედრაზე „სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ არ გვაქვს საბერძნეთის მსგავსი დაპირება ევროკავშირიდან, რომ ჩვენ ოდესმე გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი, თუმცა ამ დაპირების არქონის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრუულები და ვახდენთ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას ევროპული მიზნების გარშემო. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება მოხდეს იმ მიღწევების დაუფასებლობის გამო, რომლებსაც უკვე მივაღწიეთ“,–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.
საქართველომ წარმატებით შეასრულა სამოქმედო გეგმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არც იყოს პოპულარული ტრადიციულ საზოგადოებაში, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ გვჭირდება ამ ნაბიჯების დაფასება თუნდაც იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ საზოგადოების კონსოლიდირება ევროპული ღირებულებების გარშემო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყენებენ ამას სათავისოდ ანტიევროპული ძალები მოსალოდნელი არჩევნების პირობებში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
„მე არ ვამბობ, რომ უკმაყოფილოები ვართ ჩვენი მიღწევების დაფასების გამო“– დასძინა მან და აქვე განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას, თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაა. 2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.