თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან (Donald Franciszek Tusk) შეხვედრით დაიწყო, აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხები.
პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება, აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერს (Jean-Claude Juncker), ევროკომისარს გაფართოებისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს (Johannes Hahn) და ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
საქართველომ და ევროკავშირმა 2014წლის ივლისში ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინა ევროკავშირის ყველა წევრმა- ქვეყანამ, საქართველოს პარლამენტმა და ევროპარლამენტმა.
ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.