თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ იმუშავებენ მანამ, სანამ ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.
„მაესტროზე“ არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას… ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორისგან განკარგულებების შესრულებას“, — ნათქვამია ტელეარხის თანამშრომლების განცხადებაში.
წინაისტორია, ანი ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია
„მაესტროს“ ირგვლივ მოვლენები 5 წლის შემდეგ შემოჩვეული სიზმარივით განმეორდა: საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტელეკომპანია „მაესტრო“ კვლავ ჟურნალისტთა დასაქმების საკითხს წყვეტს განცხადებებითა და შენობის გაყოფით.
ხუთი წლის წინაც, 2011 წლის ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებამდე 11 თვით ადრე, „მაესტროში“ მფლობელისა და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი ირჩეოდა ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და „რუსთავი მედიას“ შორის. ეს უკანასკნელი აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის მიერ იყო დაარსებული. კიწმარიშვილმა „მაესტრო“ მმართველობაში 2009 წელს მიიღო, როდესაც ტელეკომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
მაშინ ტელეკომპანიამ ოფისიც დაკარგა, გუნდის ნაწილიც და რამდენიმე თვე ეთერშიც არ გასულა.
თუმცა ეთერში დაბრუნებულმა „მაესტრომ“ 2012 წლის არჩევნებისას საკუთარი წვლილი შეიტანა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სწორედ ამ არხით გადაიცა სკანდალური „ციხის კადრები“, რამაც, ექსპერტების შეფასებით, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებაში.
სპირალის ახალი წრე
„მაესტრო“ ისევ იბრძვის ცისქვეშეთში საკუთარი ადგილისთვის, ისევ მმართველ კომპანიასთან — ერთი სხვაობით, მმართველი ამჯერად „სტუდია მაესტროა“.
თანაც ამჯერად კამათი თავად „მაესტროს“ შიგნით დაიწყო და ტელეკომპანიის ფლობის უფლებას თავად დამფუძნებლები ედავებიან ერთმანეთს. უფრო სწორად, ორი თანამფლობელი, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც „სტუდია მაესტროს“ მიმართ გაკოტრების საქმე აღიძრა, კიდევ შერჩათ რაღაცის განკარგვის უფლება. ეს 25%-ანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი და 55%-ანი მეწილე გიორგი გაჩეჩილაძე არიან.
მაკა ასათიანი მეუღლის, კოტე გოგელიას დახმარებით კარგა ხანს მართავდა ტელეკომპანიას და სწორედ მის დროს დაინიშნა გენერალურ დირექტორად ბაია გადაბაძე.
ერთი წლის შემდეგ ტელეკომპანია სკანდალში გაეხვა, რომელიც „მაესტროზე“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის წამყვანად შესაძლო გამოჩენას უკავშირდებოდა. მაშინ ტელეკომპანია რამდენიმე პროდიუსერმა და ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის, პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს, „სუბიექტური აზრის“ წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა.
უკვე 2016 წლის დასაწყისში ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სკანდალში კვლავ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა გარეული. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარია და მასთან შეხვედრას პირდაპირ მთავრობის კანცელარიაშიც არ ერიდება. თუმცა ირწმუნება, რომ ეს შეხვედრები არანაირად არ უკავშირდება ტელეარხსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მაინც საით მიექანება „მაესტრო“
ბოლო მონაცემებით, მაკა ასათიანი უკვე მოელაპარაკა სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია მაესტროს“ ასპროცენტიანი წილის მფლობელ ბაჩო კიკაბიძეს ახალი არხის შექმნის თაობაზე. კიკაბიძე ახალი ტელეკომპანიისთვის „მაესტრო 24-ის“ დარქმევას გეგმავს და „ტვ 11-ის“ სიხშირეზე გავა, რომელზეც ახლა რადიო „მაესტრო“ მაუწყებლობს.
ამასთან, ახალმა ტელეარხმა შესაძლოა ისევ ძველი ლოგოტიპი გამოიყენოს, რომელიც უკვე გადაეცა ბაჩო კიკაბიძეს.
როდის გავა ეთერში ახალი „ძველი მაესტრო“, არც კიკაბიძე ამბობს და არც ასათიანი. თუმცა უკვე ნათელია, რომ არხის ჟურნალისტები ამჯერად შენობასაც შეინარჩუნებენ და აპარატურასაც, ვინაიდან ეს ყველაფერი გადაბაძესა და ასათიანს ეკუთვნის.