შეთქმულების მსხვერპლი თუ წინასწარ განზრახული გეგმა — ვინ დგას „მაესტროს“ უკან?

გამოწერა
ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის მფლობელ მაკა ასათიანს მიაჩნია, რომ ძმები გაჩეჩილაძეები გარემოების მსხვერპლნი არიან და ვითარებაში გასარკვევად მათთან შეხვედრას აპირებს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გიორგი გაჩეჩილაძე — ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი და ლევან გაჩეჩილაძე — ტელეარხის გენერალური დირექტორი, შესაძლოა გარემოებათა მსხვერპლნი არიან, — განუცხადა ჟურნალისტებს „სტუდია მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა.
ეს მისი პირველი კომენტარია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა. ტელეკომპანიის თანამშრომლები, ისევე როგორც არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, მას მოუთმენლად ელოდნენ. ასათიანი უნდა იქცეს იმ „მაშველ რგოლად“, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაში დაეხმარება მათ.

„ყოველთვის მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ ადამიანები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც  მსხვერპლნი იყვნენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ასეა“, —განაცხადა მაკა ასათიანმა.

ასათიანმა თანამშრომლებთან და სხვა მეწილეებთან, მათ შორის, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებთან, შეხვედრა დაგეგმა, რათა მომხდარში გაერკვეს.
გარიგებები

ასათიანის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე „სიტუაციის მსხვერპლობაზე“ მისმა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ მიანიშნა. ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ „სტუდია მაესტროს“ აქციათა საკონტროლო პაკეტი გიორგი გაჩეჩილაძის ხელში კი არ გადავიდა, არამედ აწ გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი რუხაძის ხელში.

პლაზმური ტელევიზორები საქართველოში - Sputnik საქართველო
აშშ თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

განცხადებას საფუძვლად „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ გამოქვეყნებული ის მიმოწერა დაედო, რომელიც ირაკლი რუხაძესა და მაკა ასათიანს შორის მიმდინარეობდა. როგორც ამ მიმოწერიდან გაირკვა, რუხაძე ჯერ კიდევ გასული წლის მაისში სთავაზობდა ასათიანს, დაეთმო საკუთარი წილი 7,5 მლნ დოლარად.

გადაბაძემ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის იანვრით თარიღდება და რომელშიც „სტუდია მაესტროს“ ყოფილი მეწილეები ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე მაკა ასათიანსა და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას მათი წილის 2.5 მლნ დოლარად შესყიდვას სთავაზობდნენ. უარის შემთხვევაში ისინი წილის რომელიმე მესამე პირისთვის    დათმობას აპირებდნენ.

მაკა ასათიანმა ორივე გარიგებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, წილის 30% გიორგი გაჩეჩილაძის ხელში აღმოჩნდა, რომელიც უკვე გახლდათ აქციათა 25%-ანი წილის მფლობელი. შესაბამისად, ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ამორალური გარიგება

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული გარიგებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმა და შეესაბამება მუხლს „კანონსაწინააღმდეგო ამორალური გარიგებები“, რის გამოც  ის უნდა გაბათილდეს.

გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია - Sputnik საქართველო
კორძახია: ბაია გადაბაძე გია გაჩეჩილაძის დისკრედიტაციას ბინძური ხერხებით ცდილობს

იურისტის აზრით, გამოქვეყნებული წერილებიდან გასაგები ხდება, რომ ტელევიზიით სინამდვილეში ირაკლი რუხაძე იყო დაინტერესებული.

„სტუდია მაესტროს“ წესდების თანახმად, მეწილეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, მიმართოს მფლობელს წილის გამოსყიდვის მოთხოვნით, თუკი ის წილის მესამე პირზე გასხვისებას გადაწყვეტს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩიკვაიძე და ებრალიძე არ აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირისთვის მიყიდვას, გასაგები ხდება, რატომაც მიმარტეს მათ მაკა ასათიანსა და მის მეუღლეს ზემოთ აღნიშნული წერილით.

ამერიკელი ბიზნესმენი

ირაკლი რუხაძე კომპანია Salford Georgia-ს მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი და აშშ-ის მოქალაქეა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ მასზე ქართულ მედიაში. თითქოს ყველაფერი მარტივად იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც მთლად ასეა საქმე.

ადვოკატ გვენეტაძის ვარაუდით, ირაკლი რუხაძე კიდევ ერთ ქართულ ტელეკომპანიას, „იმედს“ ხელმძღვანელობს, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის. ეს კი უკვე არის „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევა და მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.

გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო
„მაესტროს“ გენდირექტორმა თანამდებობა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო დატოვა

რატომ ვარაუდით? იმიტომ, რომ არც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც „იმედის“ ირაკლი რუხაძის მხრივ მფლობელობას ან მართვას დაადასტურებდა.

„მაესტროს“ ვნებათაღელვები

ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საფუძვლად ის ჩანაწერი იქცა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საჯარო რეესტრში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-ანი წილის მფლობელი ხდებოდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ტყუილს ვერ ვიტან

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, მაშინ ჯერ კიდევ „მაესტროს“ გენერალურმა  დირექტორმა ბაია გადაბაძემ  სპეციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ეს გაროგება არ მოსწონს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშაა და არ აპირებს ამ მფლობელების ახალი კონფიგურაციის პირობებში მუშაობას.

მოგვიანებით მან უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე, მაგრამ „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭომ მაინც გაათავისუფლა გენერალური დირექტორობიდან.
არხის გენდირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა — წარსულში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე.

რამდენ ხანს გაგრძელდება მეწილეების კონფლიქტი _ არავინ იცის. ნათელია მხოლოდ ერთი რამ — ტელეარხის გარშემო ვნებები ყოველდღიურად მწვავდება და ახალი გარემოებებიც იკვეთება. მივა თუ არა საქმე სასამართლომდე — არც ეს იცის ვინმემ. ახლა ყველა მოლოდინშია.

ყველა ახალი ამბავი
0