თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ტელეარხ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო ტოვებს, რაც კომპანიის წილის საკონტროლო პაკეტის გიორგი გაჩეჩილაძის ხელში გადასვლას უკავშირდება.
გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ ორშაბათს კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი და ტელეარხ „მაესტროს“ მმართველი გახდა. დიზაინერ მაკა ასათიანს კომპანიის 25% ეკუთვნის, მამუკა ღლონტს — 15%, ეკატერინე აკობიას — 5%.
„განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია „მაესტროში“ მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კი ვასრულებ საკუთარ მოვალეობას „, — განაცხადა ბაია გადაბაძემ „მაესტროს“ ეთერში.
შეგახსენებთ: სტუდია „მაესტრო“ 1995 წელს ჩამოყალიბდა. ის ეთერში სახელმწიფო ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე გადიოდა გასართობი გადაცემებით. 2001 წელს სტუდია „მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გადაკეთდა. არხი ჯერ ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ საეთერო დროით სარგებლობდა, ხოლო შემდეგ ტელეარხ „ევრიკას“ დროით.
2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტელეარხად გარდაიქმნა. 2009 წლის დასაწყისში „მაესტრო“ საქართველოში ერთ-ერთ უპოპულარეს ტელეკომპანიად იქცა. სწორედ ამ არხის ეთერით გასულმა ტელე-შოუმ „საკანი №5“, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძეს მიჰყავდა, დაუდო სათავე ოპოზიციის მასშტაბურ სა პროტესტო აქციებს იმ წლის გაზაფხულზე.