თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დადასტურებისას აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული აღნიშნული შეხვედრის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რამდენადაც „მაესტრო“ სასამართლო დავისა და ტელეკომპანიის მეწილეებს შორის დაპირისპირების საგანია.
„დასამალი არაფერი მაქვს, მე ტყუილი არ მჩვევია, ვერ ვიტან. მართალია, მე მას (გაჩეჩილაძე) შევხვდი საღამოს 11 საათზე. ამ სპეკულაციებზე მეტს არ ვუპასუხებ. მგონია, რომ საღამოს 11 საათი სამუშაო დრო არ არის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკ9ომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც პრემიერმა განმარტა, გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას მათი საუბარი მის მეგობარს შეეხებოდა, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამასთან, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ის „მაესტროს“ მოვლენების საქმის კურსში საერთოდ არ არის.
„მე აბსოლუტურად გახსნილად და ღიად გეტყვით, რომ საერთოდ არ ვიცოდი „მაესტროს“ ირგვლივ რა ხდებოდა. რომ მცოდნოდა, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი. ამ სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით, მე იმ საღამოს შეხვედრისგან თავს შევიკავებდი“, — დასძინა პრემიერმა.
ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.
ამის შემდეგ, „მაესტროს“ ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს გარიგება საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო პოლიტიკას, მის დამოუკიდებლობას და ამიტომ აპირებს დატოვოს პოსტი.
მოგვიანებით მან თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა, თუმცა ის „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭომ გაათავისუფლა. „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად გია გაჩეჩილაძის ძმა — ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.