თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. გასულ საფეხბურთო „უქმეებზე“ ქართული ფეხბურთისთვის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მწყობრში ჩადგა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა.
მჭედლიძე, რომელიც იტალიურ „ემპოლიში“ თამაშობს, მინდორზე 7 სექტემბრის შემდეგ არ გამოსულა, რადგან საქართველო-ირლანდიის მატჩის დროს ტრავმა მიიღო. თავდამსხმელი თამაშს იტალიის ჩემპიონატის XXII ტურის ერთ-ერთი ლიდერის „ნაპოლის“ წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა. ფორვარდი მინდორზე 69-ე წუთზე გამოვიდა, როდესაც „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 იგებდა. დარჩენილ დროში მჭედლიძემ თავი მხოლოდ სამი ზუსტი გადაცემით გამოიჩინა, ხოლო მისმა კლუბმა საბოლოოდ 1:5 წააგო. მატჩის შემდეგ მჭედლიძემ ფეისბუქის გვერდზე ყველა გულშემატკივარს, რომელიც მას ხუთი თვის განმავლობაში მხარს უჭერდა და გუნდის შემადგენლობაში დაბრუნება მიულოცა, მადლობა გადაუხადა.
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში, „ხიმნასტიკის“ შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა. „ტერენიფეს“ წინააღმდეგ შინ გამართულ მატჩში ქართველი ნახევარმცველი მინდორზე 74-ე წუთზე გავიდა. ამ დროისთვის მასპინძლები ანგარიშით 2:1 იგებდნენ. დარჩენილ დროში ტაბლოზე ციფრები არ შეცვლილა. ამ გამარჯვების წყალობით, „ხიმნასტიკი“ სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე განთავსდა და „პრიმერაში“ გასვლისთვის საბრძოლველად კარგი შანსები მიეცა.
ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც გასულ კვირაში 2015 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, „რეიმსის“ შემადგენლობაში არცთუ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. XXII ტურის გასვლით თამაშში „ლორიანის“ წინააღმდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა, მიიღო მორიგი ყვითელი ბარათი (ამ სეზონში — მერვე), მაგრამ გულშემატკივარს თავი სხვა არაფრით დაამახსოვრებინა. ფრანგული სპორტული მედიის შეფასებით, ამ მატჩში კანკავა თავდაცვაში ცუდად არ მოქმედებდა, მაგრამ შეტევაში თავის პარტნიორებს სრულებით არ ეხმარებოდა. ამ თამაშისთვის ნახევარმცველმა ოთხი ქულა მიიღო, ხოლო „რეიმსი“, რომელმაც 2:0 წააგო, ლიგის დატოვების კანდიდატი გახდა.
მიუხედავად მხარდაჭერის აქციისა, რომელიც ჰოლანდიური „ვიტესის“ გულშემატივრებმა გასული ტურის მატჩში გურამ კაშიას მოუწყვეს, საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა. გასულ უქმეებზე „ვიტესმა“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ექსელსიორთან“ მატჩი ფრედ — 0:0 დაასრულა. „ვიტესის“ კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა, მაგრამ გამარჯვებისთვის ძალისხმევა არ ეყო. კლუბმაარნემიდან, უკვე ზედიზედ მესამედ, ვერ გაიმარჯვა, რაც აისახა კიდეც სატურნირო ცხრილში მის მდგომარეობაზე. „ვიტესს“ 33 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.
საქართველოს ნაკრების მესამე მეკარე გიორგი მაკარიძემ თავისი კარი უკვე მერამდენედ „მშრალად“ შეინახა. პორტუგალიური მეორე ლიგის XXVII ტურის მატჩში „ფეირენსემ“ თავის მინდორზე „ფარენსეს 1:0 მოუგო, ის 46 ქულით ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს.
გიორგი პაპუნაშვილმა ბრემენის „ვერდერის“ სარეზერვო შემადგენლობაში კიდევ ერთხელ ითამაშა. „მაგდებურგის“ წინააღმდეგ მატჩში ნახევარმცველი 66-ე წუთზე გავიდა მინდორზე, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ზამთრის პაუზის შემდეგ განახლებული აზერბაიჯანის ჩემპიონატის XIX ტური მოულოდნელი შედეგით აღინიშნა, რომლის ავტორიც კლუბი „აზალი“ და ნუგზარ კვირტია იყო. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერის — „ყარაბაღის“ წინააღმდეგ მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს სენსაციური წარმატება მოუტანა.