„ვიტესის“ გულშემატკივრებმა კაშიას მხარდასაჭერად აქცია გამართეს

© FB / VitesseArnhemგურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაშია გასული წლის ნოემბრიდან არ მოხვედრილა სასტარტო შემადგენლობაში. ქართული ფეხბურთის ქომაგები უკმაყოფილოები არიან.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ფეხბურთში ჰოლანდიის ჩემპიონატის XX ტურის მატჩისას არნემის „ვიტესსა“ და ზვოლეს“ შორის, მასპინძელი გუნდის ქომაგებმა გურამ კაშიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს. 

შეხვედრის 37–ე წუთზე (ამ ნომრით თამაშობს კაშია „ვიტესში") ქომაგები მთელი წუთის განმავლობაში ერთხმად სკანდირებდნენ გუნდის კაპიტნის სახელს. ამას გარდა, მათ ასევე გამოფინეს ბანერები: „დაგვიბრუნეთ კაშია!“ და „კაშია — „ვიტესის“ ბოსია!“ 

ფეხბურთის ბურთები - Sputnik საქართველო
Sputnik-მა ფეხბურში ქართველი ლეგიონერების ტოპ–8 გამოავლინა

აღნიშნული აქციის მიზეზი ის გახდა, რომ კაშია ისევ ვერ მოხვდა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში და კვლავ სათადარიგო მოთამაშეების სკამზე მოუწია ჯდომამ. ბოლოს კაშია მინდორზე გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა. 

საინტერესო დამთხვევა: 28 წლის მცველმა, რომელიც „ვიტესის“ შემადგენლობაში უკვე მეექვსე სეზონია თამაშობს, კლუბთან შეთანხმება 2020 წლამდე სწორედ ნოემბერში გააგრძელა. 

გააგრძელა და იმის შემდეგ მყარად დაიმკვიდრა ადგილი სათადარიგო მოთამაშეთა შორის, თუ მინდორზე ერთადერთხელ გამოსვლას არ ჩავთვლით. „კამბურის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში ქართველი მცველი 90–ე წუთზე გაიყვანეს შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო სტუმართა სასარგებლოდ.  

გურამ კაშიამ სეზონი დიდებულად დაიწყო: აგვისტოში ის ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ცნეს და სამჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში (IV, VI და IX). უფრო მეტიც, კაშია ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სეზონზე ჩატარებული 14 მატჩში კაშიამ სამი გოლი თავად გაიტანა, ხოლო ორჯერ სწორედ მისი გადაცემული ბურთი დაგვირგვინდა გოლით. ეს კი ცენტრალური მცველისთვის არაჩვეულებრივი მაჩვენებელია. 

რა დაუშავა საქართველოს ნაკრების წევრმა „ვიტესის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეტერ ბოსზს, უცნობია. რატომ ყოფილს? იმიტომ, რომ იანვრის დასაწყისში ბოსზმა ჩემოდანი ჩაალაგა და ისრაელის „მაკაბის“ გასაწვრთნელად გაემგზავრა. 

თუმცა ვითარება არც მისი ადგილმემკვიდრის, რობ მაასის გამოჩენის შემდეგ შეცვლილა. ისიც ჯიუტად ამბობს უარს კაშიას ძირითად შემადგენლობაში ჩასმაზე. შეხვედრის შემდეგ, რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა, 46 წლის სპეციალისტი გაღიზიანებული იყო და კაშიას მხარდამჭერ აქციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ასეთი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის კარიერა. მეც ბევრჯერ ვმჯდარვარ სათადარიგოთა სკამზე. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქომაგები მხარს უჭერენ კაშიას, მაგრამ ვურჩევდი მათ, მხარი „ვიტესის“ ყველა ფეხბურთელისთვის დაეჭირათ“. 

თავად გურამ კაშია, რომელიც არა მხოლოდ „ჰელრედომის“ („ვიტესის“ საშინაო არენა) რჩეულია, არამედ მთელი არნემისა, არაერთხელ აცხადებდა, რომ არ იცის, რატომ არ ათამაშებს კლუბის მწვრთნელთა შტაბი. 

შეიცვლება თუ არა ვითარება, ძალიან მალე გაირკვევა —XXI ტურის მატჩზე, როცა „ვიტესი“ „ექსელსიორს“ უმასპინძლებს.

© Sputnik / Stanislav Kozlyakovskyქართველი ფეხბურთელები ევროპაში
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
 


ყველა ახალი ამბავი
0