თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვის შედეგებით ფრანგული „რეიმსის“ ნახევარმცველმა თანაკლუბელებს ვაკო ყაზაიშვილსა („ვიტესი“,ჰოლანდია) და სოლომონ კვირკველიას („რუბინი“, რუსეთი) გაუსწრო.
პარასკევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი გამართა, რომელზეც 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გახდა ცნობილი.
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი — ალექსანდრე იაშვილი („დინამო“ თბილისი);
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი — ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი);
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი — გულნარა გაბელია(„ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი)
საუკეთესო მწვრთნელი — გია გეგუჩაძე („დინამო“ თბილისი);
საუკეთესო მსაჯი — გიორგი ვადაჭკორია;
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი — ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი)
კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პირველი და მეორე ლიგის ჩემპიონატის მთავარი მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები, ნაციონალური კლუბებისა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები, ასევე ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციების პირველი პირები. კენჭისყრაში სულ 93-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სფფ-ის დაჯილდოება დეკემბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო, ფედერაციამ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო.