მერაბ ხაჩიძე
სოციალურ ქსელში ხუმრობა დაიდო: საქართველოში დოლარის დეფიციტი — განათლების დეფიციტს შეიძლება გაუთანასწორდესო. მეტი განათლება და ცოდნა კი ნამდვილად არ გვაწყენდა იმ საქმეში, რასაც კანონთან ურთიერთობა ჰქვია.
როგორ ფიქრობთ, დოლარის და არა ლარის (როგორც ახლა მოხდა) გაუფასურების შემთხვევაში, კომერციული ბანკები კლიენტებისგან ანგარიშსწორებას გადახდის დღეს არსებული მდგომარეობით მოითხოვენ, თუ იმ გაცვლითი კურსის მიხედვით — ხელშეკრულების დადების დღეს რომ იყო?! რა თქმა უნდა, ბანკი მეორე ვარიანტით იმოქმედებს და მართალიც იქნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის — 389-ე, ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის შეცვლისას — მუხლში შავით თეთრზე სწერია: თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულადი ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.
ნათელი განმარტებაა. კანონი მოვალეს ავალდებულებს, არ დააზარალოს მევალის (ბანკის) ინტერესი. მაშინ, თუ ასეა, ლარის გაუფასურების დროს, რატომ ხდება პირიქით და რატომ ხდება მოვალე იძულებული ბანკს ფული თავის საზიანოდ, გაძვირებული კურსით უხადოს?! ალბათ მართალი იყო ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, მეორე არხზე, გადაცემაში „არგუმენტების დრო“, როცა თქვა: სანამ რაიმეზე ხელს მოვაწერთ კარგად უნდა წავიკითხოთ და საერთოდ კანონთან ურთიეთობა ვისწავლოთო. ბუნებრივია, ბანკი სესხს მოგებისთვის გასცემს, მაგრამ მოგებას გააჩნია: “…2015 წლის ნოემბრის პერიოდისთვის არსებული მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – 24,7%-ით გაიზარდა და 24,4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა და ეს არის მოგების ისტორიული მაქსიმუმი კომერციული ბანკების ისტორიაში…" იტყობინება ვებ-გვერდი european.ge
ამ „ისტორიულ“ აქციაში ლომის წილი სწორედ დოლარის გაძვირებასა და დაკაბალებული საზოგადოების მამასისხლად ნაშოვნ და გადახდილ ეროვნულ ვალუტაზე მოდის.
კანონთან ურთიერთობა და კანონის სწორად წაკითხვა დღეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. ანდა, რა გინდა რომ ქნა და გაარკვიო მაშინ, როცა იურისტებიც კი მარეგულირებელ ნორმებს ხშირად სათავისოდ კითხულობენ. მათი ეს, და კანონისადმი ასეთი დამოკიდებულება დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ სხვა „ქვენაგრძნობების“ — ვერაფერი შეღავათია გაკოტრებული და გაკოტრების ზღვარზე მისული უამრავი ოჯახისთვის.
ცნობილია, რომ ნებისმიერი გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება ბათილია. ეს ყველა დამწყებმა იურისტმა იცის, მაგრამ ბევრს ეს მაშინვე ავიწყდება, როგორც კი „ვიღაცის სასარგებლოდ“ მანიპულირების საშუალება ჩნდება. როგორც კი 389-ე მუხლზე, ან მსგავსზე დაიწყება საუბარი, ნებისმიერი კომერციული ბანკის შტატიანი თუ დაქირავებული იურისტი იწყებს მტკიცებას, რომ N კანონი დასმულ კონკრეტულ საკითხს არ ითვალისწინებს.
არადა, „ადგილობრივი თვითმმართველობის“სპეციალისტისა და ექსპერტის დავით ზარდიაშვილის აზრით, (სხვათაშორის მან ერთ-ერთმა პირველმა წამოსწია ეს თემა) მდგომარეობა სხვაგვარად გამოიყურება: „…ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა! არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი. ე.ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, რომც დოლარი მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა!“
ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ალაფიშვილი: „…ნუ გაუჩენთ უსაფუძვლო მოლოდინებს რთულ მდგომარეობაში მყოფ ხალხს, ნუ ითამაშებთ მათ გრძნობებზე, ნუ ეცდებით მათ ხარჯზე სარგებლის ნახვას და ნუ გააჩენთ ან გააღრმავებთ შფოთს ჩვენს საზოგადოებაში. კოდექსის 389-ე მუხლს, გამოყენება მხოლოდ 3 შემთხვევაშია შესაძლებელი: ა) ჰიპერინფლაცია, ბ) დეომინაცია (100 ლარი შეიცვალა/გახდა 10 ლარი) და გ) ვალუტის — ფულადი ერთეულის შეცვლა. ამასთანავე, ეს შეეხება არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა იმ ვალუტას, რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით, იქნება ლარი, დოლარი თუ სხვა.“
ბუნებრივია, ამ მცირე პუბლიკაციის მიზანი ექსპერტებს შორის მტყუან-მართლის გარჩევა არ გახლავთ. შეუძლებელია და არც ჟურნალისტის კომპეტენციაა იმათი აზრის შეფასება, ვინაც კანონი თურმე ორნაირად შეიძლება წაიკითხოს. ეს აქ მოყვანილი ორი მაგალითიდანაც კარგად სჩანს, მაგრამ არც ხალხია იმდენად უწიგნური, რომ მეორედ არ დავსვათ იგივე კითხვა: უცბად რომ დოლარის კურსი ლარს დაბლა ჩამოსცდეს, ასეთ შემთხვევაში, კომერციული ბანკები მილიონების დაკარგვას შეეგუებიან, თუ მათი მობილიზებული იურიდიული სამსახურები დაუყოვნებლივ მოითხოვენ სკ 389-ე მუხლის ამოქმედებას?!
ამ შეკითხვას პასუხი პირველ რიგში კანონმდებელმა — ხელისუფლებამ უნდა გასცეს. ხოლო, ვისაც ეს შეკითხვა რიტორიკულად მოეჩვენება, ვურჩევ ბოლო დროინდელ ინფორმაციებს კარგად გადახედოს და ნახოს, რა მოჰყვა ირლანდიაში კანონის ორნაირად წაკითხვას.
კომერციული ბანკების საქმიანობა ფულის მოგებაა და (რომ ჩამქოლონ მაინც ვიტყვი) არა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესი. არა მგონია შემედაოს რომელიმე ექსპერტი, თუ ვიტყვი, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება კომერციული ბანკების ინტერესში ნაკლებად ზის.