თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ლარის სტაბილიზაციისათვის მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოს ორი გზა აქვს — ან სავალუტო ინტერვენციები განახორციელოს, ან შეამციროს ფულადი მასა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა. ვალუტის გაყიდვის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 27 იანვარს 0,0061 ლარით შემცირდა და 2,4984 GEL/$1 შეადგინა. ამრიგად, ლარმა მორიგი ისტორიული მინიმუმი გადალახა დოლართან მიმართებაში.
"მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოს შეუძლია პირველი ის, რომ გააკეთოს ინტერვენციები და მეორე, შეამციროს ფულის მასა. ინტერვენციების გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ ფუნდამენტი გვაჩვენებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავუფასურდეთ და მეორე, ფულის მასის შემცირების შემთხვევაში ეკონომიკა შემცირდება. პარასკევსაც და დღესაც ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა და გაყიდა 20-20 მილიონი დოლარი და ეს არის სწორედ ის პასუხი მოკლევადიან პერიოდში, რომელიც სახელმწიფოში ინსტრუმენტების სახით არსებობს. არ არსებობს სხვა ინსტრუმენტი. თუ ვინმე დამისახელებს სხვა ინსტრუმენტს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ", — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ქართული ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა დოლარიზაციის ის მოცულობაა, რომელიც საქართველოში შეიქმნა, თვლის მინისტრი.
„შესაბამისად, კურსის შეცვლა ყველაზე მძიმედ მოსახლეობაზე აისახება, რომელსაც კრედიტები დოლარში აქვს აღებული. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და მეორე მიმართულება რომელზეც კურსის ცვლილება მოქმედებს — ეს ფასების საერთო ზრდაა, ინფლაცია. ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა და ორივეზე შესაბამისი პასუხი უნდა გაიცეს“, — თქვა ქუმსიშვილმა.
უახლოეს ხანებში ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება და იგი 2,4 GEL/$1-ს მახლობელ დერეფანში დაბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი მზად არის გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
შედეგად, დღეისათვის, 7 სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა თითქმის 147 მილიონი დოლარი გაყიდა.