თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნა ბოლო პერიოდში გარე ფაქტორებითაა გამოწვეული, განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ემზარ ჯგერენაიამ.
ლარის გაუფასურების ახალი ეტაპი მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 28 იანვრისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,4485 GEL/$1-ის ოდენობით დაადგინა. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 4,2%-ით შემცირდა.
ლარის კურსის ვარდნის მიზეზი მხოლოდ გარე ფაქტორებია და მთავრობამ შემდგომი ვარდნის შესაჩერებლად ზომები უნდა მიიღოს. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ პრელუდიაა და 2016 წელი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო რთული იქნება, მიიჩნევს ექსპერტი.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის მიზეზი მხოლოდ გარე ფაქტორებია, რადგანაც ქვეყნის შიგნით ამ პერიოდში არაფერი შეცვლილა — უწინდელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ბიუჯეტთან დაკავშირებული ვითარება, დაგეგმვა და ა. შ.“, — განუცხადა ჟურნალისტებს ჯგერენაიამ.
მიზეზი რთული ეკონომიკური ვითარებაა, რაც მსოფლიოში ნავთობზე ფასების კატასტროფულმა ვარდნამ გამოიწვია, ეს კი ნეგატიურად აისახა ეკონომიკასა და რეგიონის ქვეყნების ეროვნულ ვალუტაზე, მიიჩნევს ექსპერტი.
კერძოდ, რუსეთი და თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ამიტომ რუბლის კურსის ვარდნა და თურქული ლირის კურსის დევალვაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ ზემოქმედებს და ლარის კურსზე ახდენს ზეწოლას, განაცხადა მან.
„ბუნებრივია, ეს გარე ფაქტორებია, რომლებიც შიდა ფაქტორებად ტრანსფორმირდება და ესაა ლარის დევალვაციის ძირითადი მიზეზი“, — მიაჩნია ჯგერენაიას.
მოსალოდნელია ღრმა ფინანსური კრიზისი, რადგანაც ბირჟებზე ნავთობის ფასები მთლიანად დაეცემა და ამ რთულ საერთაშორისო სიტუაციაში, ფინანსური სტაბილიზაციისა და ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, განაცხადა ექსპერტმა.
„ერთში გაგვიმართლა, რომ ნავთობის ქვეყანა არა ვართ და ბიუჯეტი ნავთობის ფასების მიხედვით არ გვაქვს დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა დრამმა, ლართან შედარებით, ნაკლები დევალვაცია განიცადა, საქართველო ინვესტორებისთვის მაინც ყველაზე მყარი ფინანსური ქვეყანაა და ეს უნდა გამოვიყენოთ — მოვიზიდოთ ინვესტორები და გადავარჩინოთ სიტუაცია“, — განაცხადა მან.
კიდევ რამდენით შეიძლება დაეცეს ლარის კურსი — ლოგიკური, მაგრამ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი კითხვაა, მიიჩნევს ექსპერტი.
„თეორიულად შეიძლება კიდევ დაეცეს, მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა ჩაერევა, მოიზიდავს სავალუტო სახსრებს 100 მლნ აშშ დოლარის მოცულობით და ამით ვითარება გამოსწორდება და წონასწორობა აღდგება“, — განაცხადა ჯგერენაიამ.
თვალის დახუჭვა მიმდინარე პროცესებზე და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, ექსპერტს არასწორად მიაჩნია.
„ის, რაც დღეს ხდება — ეს ძირითადი სცენარი არ არის, არამედ პრელუდიაა და იმისთვის, რაც მერე დაიწყება, წინასწარ უნდა მოვემზადოთ. ჩვენ, ექსპერტებმა და ეკონომისტებმა, ნამდვილად ვიცით, რომ ხვალ სერიოზული სირთულეები დაიწყება. უნდა დაიგეგმოს ძალიან ბევრი ღონისძიება, რათა ბაზრის სირთულეებს მაშინვე გავუმკლავდეთ. მთლიანობაში, 2016 წელი ძალზე რთული წელი იქნება“, — დაასკვნა ექსპერტმა.