დამეთანხმებით, ინტერნეტის თემაზე ყველგან, თავად ინტერნეტშიც კი ბევრს საუბრობენ. გარშემო, სადაც გავიხედავთ: ქუჩაში, ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, ოფისებში, მაღაზიებში, საჭესთან, ყველგან სოციალურ ქსელებში მიერთებულ, მობილურში თავჩარგულ ადამიანებს ვაწყდებით. უფრო მეტიც, ერთმანეთს, გვერდით ყოფნის დროსაც ვემესიჯებით, მაგრამ ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, ერთად და ერთმანეთის გვერდით მხოლოდ ვირტუალურში ვართ…
სოციალურმა ქსელებმა ერთის მხრივ, ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოება გამოიწვია, მეორე მხრივ, წლების წინ დაკარგული და ცხრა მთას იქით მცხოვრები მეგობრები გვაპოვნინა. ყველაფერი პროგრესული რაციონალურად მიდგომასა და ათვისებას მოითხოვს. ამიტომ როგორც ყოველთვის, აქაც ყველაზე მეტად ისევ ძველი ბერძნების მათემატიკური, ცხოვრებაშიც გასათვალისწინებელი რჩევა გამოგვადგება. პლატონისეულ ოქროს შუალედზე მოგახსენებთ, რომლის დაცვითაც სამყარო ჰარმონიულობას აღწევს.
ამგვარი ოქროს შუალედის დაცვა ინტერნეტით ჭარბად მომხმარებელ კაცობრიობის ერთ ნაწილს სავარაუდოდ, მაინც გაუჭირდება. იმ კატეგორიას ვგულისხმობ, ვინც სოციალურ ქსელებში: იძინებს, იღვიძებს, მუშაობს, ჭორაობს, პოულობს საქმიან პარტნიორსა და მეორე ნახევარს, დიეტას იცავს, ყავას ხარშავს, დიარეაზე წუწუნებს და გუშინდელ სიზმარსაც კი ყვება..
ერთ დღესაც,,ინტერნეტით დავირუსებულს“ შეგრძნება გიჩნდება, რომ სრულყოფილი ცხოვრებით,,ცხოვრობ“, საკუთარ ბედს და გარშემო ყველაფერს განაგებ და პატარა ღმერთიც კი ხარ!
თუმცა სინამდვილეში, ერთ დიდ, უხილავ ქსელში გაბმული, გიგანტურ ხელისგულზე მთლად,,გაშიფრულ-გაშიშვლებული“ მოჩანხარ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა სტატიის თემაა..
პოლონელი მწერლის, იანუშ ვიშნევსკის რომანში,,მარტოობა ქსელში“ ინტერნეტის საოცრად ზუსტი განსაზღვრაა:,,ინტერნეტი- ეს მარტოობის თავშეყრაა, თითქოს ერთად ვართ, მაგრამ თითოეული მაინც მარტოა. ეს მაინც ურთიერთობის ილუზიაა, მეგობრობის ილუზია, ცხოვრების ილუზია“.
ილუზორული სამყარო, სადაც არ ჩანს,,იუზერის“ ფიზიკური ნაკლი, მოდიდან გამოსული ტანისამოსი, მოუწესრიგებელი გარეგნობა და უმაკიაჟო სახე… კომპიუტერის წინ შინაურ ხალათში გამოწყობილი და ფინჯან ყავით ზიხარ, სა(ფეის)ქვეყნოდ გამოგაქვს წლების წინ გადაღებული ან,,ფოტოშოპით“ დამუშავებული ფოტოები, ქათინაურებსაც იღებ და პაემანზე წასვლის წინადადებასაც, მაგრამ მალე ხვდები, რაც აქ,,იწყება“ —აქვე,,მთავრდება“… ყველაფერი კი,,ვითო-ვითოა“, როგორც მაშინ, ბავშვობაში სახლობანას თამაშის დროს. სინამდვილეში მხოლოდ ერთ (ვირტუალურ) ადგილს ტკეპნი,- რეალური დრო კი ქვიშის საათივით თვალსა და ხელს შუა მალე იცლება…
დღეს საზოგადოებაში სხვადასხვა არაორდინალური ინიციატივებით ხშირად გამოდიან ხოლმე, მაგალითად ამას წინათ,,ჩახუტების დღეც“ კი აღვნიშნეთ. რა ვიცი, იქნებ ეს ინიციატივაც აიტაცოთ?!.. მოდი, თვეში ერთხელ მაინც,,,უინტერნეტო დღე“ გამოვაცხადოთ, ქსელიდან თავიდან ბოლომდე (!) გამოვეთიშოთ და საკუთარ თავს ცოცხალი, არა სმაილური ემოციები, დაკარგული სურნელები, ხალასი ფერები, ლამის დავიწყებული კინესთეტიკური შეგრძნებები დავუბრუნოთ და სიცოცხლეც, როგორც დღეს იტყვიან,,,ლაივში” შევიგრძნოთ…