თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საყოველთაო ინტერნეტიზაცია რეგიონებში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას ადგილზე განათლების მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა ახალგარზდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.
„საყოველთაო ინტერნეტიზაციის შემდეგ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ინფორმაციის მიღებას სწრაფად შეძლებენ. ამასთან ერთად, მათთვის ხელმოსაწვდომი ძალიან ბევრი ისეთი პროგრამაც გახდება, რომელიც მათ ონლაინ რეჟიმში სწავლის შესაძლებლობას მისცემს“–აღნიშნა შოთა გულბანმა.
დღეს ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება.
„აფრიკაში Wi-Fi ისეთ ადგილებშიც იჭერს სადაც ლომები დარბიან და ჩვენთან ინტერნეტი ხშირ შემთხვევაში ქალაქების სიახლოვესაც არ არის. უკაბელო იტერნეტით სარგებლობა კი ძალიან ძვირი ჯდება“, –განაცხადა შოთა გულბანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეიქმნა მოდელი, რომლის თანახმადაც მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით ინტერნეტის მთლიანი ქსელის მოწყობა და დასახლებულ პუნქტებამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაყვანა გახდება შესაძლებელი.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ქვეყნის დაახლოებით 2 ათას დასახლებულ პუნქტში, ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებისთვის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელების სისტემა შეიქმნება. ახალ ინტერნეტ–ინფრასტრუქტურაში ჩაერთვება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.
„ამ ინფრასტრუქტურის შექმნა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა ხარისხობრივად წინ წავწიოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს, არსებობს ევროპის სტრატეგია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი ვალდებულება, ევროპის ქვეყნებში რა სიჩქარისა და ხარისხის ინტერნეტი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარია, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორცილდება.