თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გადასვლის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ცენტრი ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოაყალიბოს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ალადაშვილმა.
„ახალშექმნილი სახელმწიფო უშიშროების სამსახური ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს, რადგან ანტიტერორისტული საქმიანობა დღეს დიდ ინტელექტუალურ, ფინანსურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ამიტომ ყველაზე რეალური გზა საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების შესაჩერებლად, ანტიტერორისტული ცენტრის ან დეპარტამენტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად შექმნაა, თორემ სანამ ჩვენ პანკისში, ზემო აჭარაში ან გურიაში ქარხნებს და ფაბრიკებს ავაშენებთ და ხალხს დავასაქმებთ, 1000 წელი გავა“- აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.
მისი თქმით,რა თქმა უნდა საქართველოდან სირიაში წამსვლელთა ნაკადის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, მაგრამ შესაძლებელია ინფორმაციის ქონა, გაფილტვრა, თუნდაც იმ წრის მონიშვნა, რომელიც პოტენციურად წამსვლელია და ამას თვეობით და შეიძლება წლობით მუშაობაც კი დასჭირდეს.
„კანონში უკვე გვიწერია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა ან მასში მონაწილეობა დასჯადია,მაგრამ აქედან გამსვლელი არასდროს იტყვის, რომ ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან „ალქაიდასთან“ მიდის. ამიტომ სპეცსამსახურმა მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს. ჩვენ თუ ვიქნებით პოტენციური დამნაშავის აღიარების იმედად, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. სწორედ ეს არის აგენტურული მუშაობა და ამიტომ არის ინფორმაციის მოპოვება აუცილებელი“-აღნიშნა ალადაშვილმა.
მისი თქმით, ტერორისტებთან კავშირი ან ტელეფონით ხდება ან ინტერნეტით ან კიდევ ცოცხალი ადამიანი ჩამოდის.
„ამ სამი ძირითადი კომუნიკაციის საშუალების გაკონტროლება უნდა მოხდეს. მიმოწერა შეიძლება დაშიფრული იყოს და ესეც სპეცსამსახურების მოვალეობა და სამუშაოა. აბა იქ არავინ ჩაწერს, ჩამოვალ და ყველას დავხოცავო “-აღნიშნა ალადაშვილმა.
მისი თქმით სახელმწიფო უშიშროების სამსახურში შედის ანტიტერორისტული ცენტრი, მაგრამ ეს მცირე უწყებაა, რომელსაც ამ ფუნქციების შესრულება არ შეუძლია. გარდა ამისა, იმისათვის რომ, სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმუშაონ, მათ კარგი დაფინანსებაც უნდა ჰქონდეთ.
„აგენტურას თუ არ გადაუხადე, ისე ინფორმაციას არავინ მოგაწვდის, უნდა გქონდეს ყველაზე თანამედროვე მოსასმენი საშუალებები და უნდა გყავდეს ყველაზე ინტელექტუალური თანამშრომლები, რომლებსაც ანალიზი შეუძლიათ. ამას კი ფინანსები სჭირდება“–მიაჩნია ალადაშვილს.
ქართული მედიის ინფორმაციით, სირიაში რამზან ფარეულიძე და მუხმად თურქოშვილი მოკლეს, რომლებიც დაახლოებით ერთი წელია, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდნენ.
24 წლის რამზან ფარეულიძე სირიაში ერთი წლის წინ გაემგზავრა, მანამდე თელავის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მესამე კურსზე სწავლას თავი დაანება. 2015 წელს პანკისის ხეობიდან სირიაში მას საცოლე – 20 წლის გოგონა ჩაუყვანეს. მეორე მოკლული 22 წლის მუხმად თურქოშვილია. სააგენტოს ცნობით, ისიც, ფარეულიძის მსგავსად, სირიაში ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე ის ოჯახთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. თურქოშვილს დარჩა ცოლი და ბავშვი.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ასევე აქვეყნებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლი და სირიაში მოკლული საქართველოს მოქალაქეების სიას. ფარეულიძისა და თურქოშვილის გარდა, სირიაში სხვადასხვა დროს დაიღუპნენ: თურფალ ბორჩაშვილი, იბრაჰიმ ცათიაშვილი, დავით სვიაკაური, ისრაფილ ცათიაშვილი, ჯაბრაილ ცათიაშვილი, გურამ გუმაშვილი, ბესო კუშტანაშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი, ხალიდ აჭიშვილი, ჰამზათ აჭიშვილი, აბდულ-მალიქ მუთოშვილი და რუსტამ გელაევი.