სულხან მელაძე
იმედია არავინ გამამტყუნებს და დამძრახავს თუკი, ვიტყვი, რომ პარიზული კოშმარის შემდეგ ტერორიზმის მოსალოდნელ საფრთხეზე ფიქრი არ მასვენებს. გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა ბათუმელმა აჰმედ ჭაღალიძემ, სოციალური ქსელით საქართველოს ახალი და ყოფილი მთავრობის წევრებს, ასევე სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.
„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ მათ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერდა თამაზ ჭაღალიძე.
განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს ექსპერტების ხშირი საუბარი „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიაში მოსალოდნელი გააქტიურების თაობაზე.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია: „ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმნა უკვე საქართველოში გადაწყვიტა. ის ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. მალე გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია. ხალიფატი საქართველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს, — არ გამოვრიცხავ, რომ მისი ცენტრი თბილისიც კი იყოს".
შესაბამისად მკითხველს არ გაუკვირდება ერთადერთ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა. კერძოდ, ემუქრება თუ არა ქვეყანას ისლამური ტერორიზმის საფრთხე.
ვახტანგ მაისაია: „ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი თანამებრძოლების შემოკრებას და ძალების გაძლიერებას აგრძელებს. როგორ გამოიყენებს მომავალში ამ ძალებს, არავინ იცის. რამდენად რეალურია საშიშროება, ამის შესახებ დასკვნის გამოტანა ჩვენ თავად შეგვიძლია. საქართველო ახლა ისლამური ხალიფატის კოალიციის წევრია, ისლამური ხალიფატი კი საერთაშორისო საზოგადოების პირველი მტერია. ასე რომ, საშიშროება მკითხველმა თავად შეაფასოს".
ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, რადგან ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური ისლამის შეტევის ობიექტია.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: "მსოფლიოს ნებისმიერი ისლამისტისთვის საქართველო არის კავკასიის ვილაიეთის ნაწილი. საქართველოში ცხოვრობენ მუსულმანები, აქედან გამომდინარე, საქართველო ისლამური ხალიფატის ინტერესების სფეროში შედის.
საქართველოში რაც ხდება ესაა, ქართული იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. ამაში ვგულისხმობ ისლამისტური ორგანიზაციების გამრავლებას. დღეს საქართველოდან სირიაში წასულ მებრძოლებზე მეტია მათი რიცხვი, ვინც ჩვენი ქვეყნიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში თუ სხვა ისლამურ სასწავლებლებში სწავლობენ. სასწავლებლების უმრავლესობა არის ზუსტად ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი.
დღეს იქ წამყვანი ადგილები ქისტებს კი არ უკავიათ, როგორც ადრე ეგონათ, არამედ ეთნიკურ ქართველებს. მაგალითად, წალკის რაიონიდან. ეს ხალხი ცოტა ხანში დაბრუნდება საქართველოში და შესაბამის მუშაობას გააგრძელებს. დღეს თუ სოციალური ქსელით ხდება ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელება, ხვალ უკვე „მესიების“ საშუალებით მოხდება.
ეს რომ არ მოხდეს, სახელმწიფომ უნდა გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარები. ეს უნარები რომ გამოიმუშაოს, უნდა ითანამშრომლოს რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქ სპეცსამსახურებთან, რომლებსაც ამის გამოცდილება აქვთ. ასევე საკუთარი სპეციალისტები უნდა მოიზიდოს, რომლებიც კარგად იცნობენ ისლამს. იცნობენ არაბულ თუ თურქულ სამყაროს".
მთავარ საფრთხედ სწორედ ტერორისტული აქტები მოიაზრება და არა სეპარატისტული ქმედება.
პოლიტიკოსი პაატა დავითაია: „არ მგონია საქართველოს წინააღმდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ის ბრძოლები, რაც სირიაში მიდის, აქეთ გადმოისროლონ. ამ ეტაპზე საშიშროებას მხოლოდ ტერორისტულ აქტებში ვხედავ. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია და ამ აქტებში შესაძლოა, ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც სირიაში უნდათ წასვლა საბრძოლველად. შესაძლოა, ისინი აქვე გამოიყენონ".
ექსპერტების თქმით, მოსალოდნელ საფრთხეებთან საბრძოლველად ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. კერძოდ, დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არაა სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ბევრად ეფექტიანი იყოს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მათ სავარაუდოდ, აქვთ.