რატომაც არა - ყველაფერი მოსულა?!

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასრულდება თუ არა 2014 წლის ნოემბერში „თავისუფალი დემოკრატების“ ხმაურიანი გაყრა კოალიციასთან ხელახალი ქორწინებით?! ვინ რა მოიგო გაყრით და ვის რა „ემუქრება შეყრით“...

პოლიტიკით დაინტერესებულთა მთავარი მოლოდინი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების შესაძლო კონფიგურაციას უკავშირდება. ვინ ვის დაუმეგობრდება და რატომ? ვინ გადაწყვეტს ეულად სცადოს ბარიერის გადალახვა და ა.შ უკვე ბოლო რამდენიმე დღეა სულ უფრო ხშირად გვესმის მოარული ხმები „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. ჩემი კოლეგები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ნიშნიანიძემ ღიად განაცხადა, რომ ამ საკითხზე კოალიციის კულუარებში უკვე მსჯელობენ.

ომარ ნიშნიანიძე: „ვფიქრობ კოალიციის კონფიგურაციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ დიდი ცვლილებები არ არის დაკავშირებული. არჩევნებამდე სავარაუდოდ ამ საარჩევნო ბლოკით მივალთ… აქ გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება იყოს კვოტებთან დაკავშირებით — ზოგიერთი პარტია მეტს ითხოვ, მაგრამ ამას მოევლება. ზოგს ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ამბიციები აწუხებს, მაგრამ მგონი ესეც დარეგულირდება. უფრო მეტიც, როგორც კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს „თავისუფალი დემოკრატების“ შემატებაზე. ადრე ჩვენთან იყვნენ და ერთმანეთი არ დაგვიჭამია. ასე, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია რას იზამენ. მთავარია მათ გამოხატონ სურვილი“.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" შეიძლება კიდევ ერთი პარტია შეემატოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც, რომელიც წინა საარჩევნოდ კოალიციისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობას არ გამორიცხავს.

მანანა კობახიძე: „…ამ მომენტისთვის კოალიციის ფარგლებში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. კოალიცია მუშაობს იმ ფორმით როგორც მუშაობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ უკავშირდება. რომ გითხრათ რაიმე იგეგმება ამ წუთის მდგომარეობით, არის პერსპექტივა სხვა მიმართულებებით, ასე არ არის. ამასთან, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია".

ძნელია გამოთქმულ მოსაზრებებს არ დაეთანხმო, თუმცა საკითხავია ან „გაყრა“ რა იყო და ან „შეყრა“ რა არის. ექსპერტ-ანალიტიკოსების ერთი ნაწილი 2014 წლის ნოემბერში, „თავისუფალი დემოკრატების“ დემარშის მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას პირად ურთიერთობებში არსებულ უთანხმოებებს ასახელებენ.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ახლაც გაუგებარია წასვლის მოტივი. მთავრობაში ყველაზე საკვანძო პოსტები ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს ეკავათ. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესები ირაკლი ღარიბაშვილსა და  ირაკლი ალასანიას შორის არსებულმა ურთიერთობამ გადაწონა. არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი ისევ კოალიციაში ვიხილო, მაგრამ ეს ძალიან უხერხული იქნება, იმ განცხადებების მერე, რაც მას გაკეთებული აქვს კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ის მთელ მთავრობას უწოდებდა სათამაშოებს  ბიძინა ივანიშვილის ხელში. აი, ამ ბარიერის გადალახვა იქნება რთული და საკითხავია როგორ მოხდება ეს.  ვიტყვი, რომ ეს ჩამოსაშორებელი ხალხი არ არის. როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილიც, არა ერთ სუბიექტს ალასანიას გუნდში, დღესაც დიდი პატივისცემით უყურებს“.

რას ფიქრობს თავად პირველი „თავისუფალი დემოკრატი“?— შესაძლოა იკითხოს მკითხველმა. თავად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, მათ შორის პენტაგონშიც, სადაც ის ჯერ კიდევ ოპოზიციონერის სტატუსით ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ამასობაში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ამ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ კოალიციის წევრებთან პირადი ურთიერთობები გრძელდება და არავინ იცის მომავალში რა მოხდება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„პაჭუ, სქან გოლუაფირო, გამითვალისწინე თუ შეიძლება...“

გია ცაგარეიშვილი: „კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ურთიერთობები გრძელდება და რაში გადაიზრდება მომავალში დღეს ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. არის ეს ურთიერთობები, არის საკმაოდ ხანგრძლივი მეგობრობის წლები და ეს წლები გამოცადა დრომ და როგორც ჩანს  "ქართულ ოცნებაში" ბევრი ფიქრობს იმას რომ თავის დროზე ამ ურთიერთობების გაწყვეტა არც მათ და არც ჩვენ არ წაგვადგა და არც ქვეყანას წაადგა სასიკეთოდ".

არ ვიცი ვისთვის იყო მოსალოდნელი და ვისთვის მოულოდნელი მოვლენათა ამ სცენარით განვითარება, მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი კოალიციისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ურთიერთობის საკითხით ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდით, როცა  დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ შევიტყვეთ. გამოვთქვით მოსაზრება, რომ იმ ახალ რეალობაში, როცა გიორგი კვირიკაშილი, გაზაფხულოდან, პარტიის თავმჯდომარის სტატუსსაც მოირგებს,  „თავისუფალ დემოკრატებს“ ასეთი სურვილის შემთხვევაში „ოცნების“ კოალიციასთან თანამშრომლობის შანსი უჩნდებათ. სურვილს კი, პოლიტიკაში პრაგმატიზმი განაპირობებს და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოლიტიკური ინსინუაციები თავად დავით ზალკალიანმა უარყო, ჩვენ წინასაარჩევნოდ არ გამოვრიცხეთ ყოფილ პოლიტ პარტნიორებს შორის სრულიად ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

რა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ „რა? სად? როდის?“ წევრებს თავის რიგებში იწვევს

დასასრულ ისეთი პირი უჩანს, რომ ასტროლოგების პროგნოზებთან ერთად ჩვენი ვარაუდიც გამართლდება, თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ წევრებში უნდა დასრულდეს საარჩევნო სიაში მოხვედრის ოცნება და გაირკვეს ვის „ემუქრება“ შინდისფერ სავარძელში განთავსება და ვის არა. წინ კიდე ბევრი „სიურპრიზი“ გველის და ყველაფერს მაიმუნს ნუ დავაბრალებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0