პარასკევი 8 იანვარი
ცნობილი რუსი კინორეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „რუსკი კლუბში“ გაიმართება.ელდარ რიაზანოვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში რეჟისორის მეგობრები და კოლეგები შეიკრიბებიან, რომელთან შორისაც იქნებიან ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელსაც რიაზანოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ასევე ლანა ღოღბერიძე და მერაბ კოკოჩაშვილი. საღამოზე ცნობილი შემსრულებელი ირმა სოხაძე მაესტროს ცნობილი ფილმებიდან კომპოზიციებს შეასრულებს. საღამო ელდარ რიაზანოვის კომედიის „ საძინებლის გასაღების“ ჩვენებით დასრულდება, რომელშიც რეჟისორმა, ტრადიციულად, ეპიზოდური როლი შეასრულა.
მეორე ლეგენდარული რეჟისორის — სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამოზე გიწვევთ „ქართველ სომეხთა კავშირი“. დიდი რეჟისორის 92 — ე წლის იუბილეზე გაიხსენებენ რეჟისორს და მისი სახელობის შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
შაბათი, 9 იანვარი
მსოფლიოს საოპერო მუსიკის ვარსკვლავები: შეუდარებელი ტენორი ალესანდრო საფინა; "მის ჰოლივუდი 2005", ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; უმშვენიერესი ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; გენიალური სოფი ლორენის უფროსი ვაჟი, შესანიშნავი დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი თბილისში მონაწილეობას მიიღებენ ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტში. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. კონცერტზე შესრულდება ნაწყვეტები ცნობილი ოპერებიდან, საოპერო არიები და დუეტები, ოპერეტები, კინომუსიკა და მსოფლიო საესტრადო ჰიტები.
სამუშაო კვირის ბორკილებისაგან თავის დახსნასა და ცეკვებში თავდავიწყებაში თბილისური — Continental News Café დაგეხმარებათ. აქ სოციალური ცეკვების სკოლა Salsa de la Fresa გიწვევთ სალსას მხიარულ საღამოზე! გარდა იმისა რომ საოცარი ატმოსფერო დაგხვდებათ, ცნობილი ფრანგი კონდიტერი დახვეწილი ნუგბარითაც გაგიმასპინძლდებათ. საღამო 21:00 საათზე დაიწყება. შესვლა უფასოა! მათთვის ვინც ცეკვას ეხლა ეუფლება, საღამოს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, პროფესიონალები უფასო მასტერ-კლასს ჩაუტარებენ.
„კუზიანი კვიცის“ დიდი საახალწლო პრემიერა თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გრძელდება. სპექტაკლები 12:00 და 15:00 საათზე იწყება.
კვირა, 10 იანვარი
თბილისის ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საახალწლო შოუზე გეპატიჟებათ. საზეიმო კარნავალზე მოზარდებს ელოდებიან საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები: მგელი „წითელქუდას“ ზღაპრიდან, სალამურა, მომღერალი ჭიამაია, სასაცილო კონფერანსიე, ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი და მრავალი სხვა. შოუს ექსკლუზიური სტუმარია — სახალხო არტისტი, გივი ბერიკაშვილი, რომელიც მეკვლე იქნება და ბავშვებს ახალ, 2016 წელს მიულოცავს.
თანამედროვე ქართველი პოეტების პოეზიის საღამო გაიმართება Generator 9.8.-ში. ფორტეპიანოს მუსიკის ქვეშ, სასიამოვნო ატმოსფეროში სტუმრები მოისმენენ ხატია ლაკიაშვილის, მიშა კოპილაშვილის, გიორგი ბალახაშვილის და მარიამ ბურჭულაძის ლირიკას. საღამო 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ბავშვობაში დაგაბრუნებთ და სითბოთი და სიხარულით აგავსებთ ქართველი ფერმწერის თამუნა შიუკაშვილის ნაზი, მზითა და ზღაპრებით აღსავსე ნახატების გამოფენა. იგი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის საგამოფენო სივრცეში შედგება და 26 იანვრამდე გასტანს.
სამი დღე ზღაპრული ემოციებისათვის
საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე, საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით გულუხვია ზღაპრული ემოციებით და არა მარტო პატარებისათვის — მოზრდილებისთვისაც! ამიტომ ვისაც ზღაპრების ჯერ კიდევ გჯერათ, ისევე როგორც სასწაულების, ზღაპრულ წარმოდგენებზე გიწვევთ.
თბილისის ახმეტელის თეატრში, თქვენი შვილები ზღაპრული „მაკნატუნას“ ნახვას შეძლებენ. პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის თანხლებით, ქართული თეატრი, მედიცინის მრჩევლის შტალბაუმის სახლში, შობის ჯადოსნური ღამის წარმტაც ამბებს გააცოცხლებს, იმაზე, თუ როგორ გარდაისახა მაკნატუნა პრინცად. ზღაპარი 8, 9, 10 იანვარს 14:00 იწყება.
შოთა რუსთაველის თეატრში, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის „კონკიას“ მიხედვით დადგმული, ლამაზი მუსიკალური წარმოდგენა გელით. სპექტაკლი განახორციელა გამოჩენილმა ქართველმა რეჟისრმა, რობერტ სტურუამ. (8, 9, 10 იანვარს 14:00 და 18:00 საათზე).
მარჯანიშვილის თეატრი, აღიარებული რეჟისორის, ლევან წულაძის სადღესასწაულო სპექტაკლზე გეპატიჟებათ. „საშობაო სიმღერა“, ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით განახორციელეს, სადაც თქვენი პატარების თვალწინ გაცოცხლდება ძუნწი სკრუჯის ისტორია. ბოროტი და კეთილი სულებით, მოჩვენებებით აღსავსე შობის ღამეს, სიკეთე ბოროტებას დაძლევს. (8, 9, 10 იანვარს 19:00 საათზე).
SPUTNIK სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!