ამბავი მეორედ მოსვლისა

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ფიქრობენ ექსპერტები "თავისუფალი დემოკრატების" თანამოაზრის მმართველ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე.

საქართველო, თბილისი, 2014 წლის 5 ნოემბერი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნაშუადღევი…

ბრიფინგი, რომლის შინაარსიც წინასწარ ცნობილია…

„გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით… ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან. მე არსად არ მივდივარ, არ გემშვიდობებით. ისევ აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად“, — ბრძანა დავით ზალკალიანმა და წავიდა. იმ მოტივით, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე ემუქრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ დემარშს შეუერთდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი: ზალკალიანს საკუთარი განცხადებების ახსნა-განმარტება მოუწევს

ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის დასავლეთიდან სხვა მიმართულებით გადახრისკენ არაფერი მიანიშნებდა. ექსპერტ-ანალიტიკოსებმაც გაჟღერებული ვერსია არ გაიზიარეს და დემარშის მთავარ მიზეზად თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას განთავისუფლება დაასახელეს.  მრავალგზის და ხაზგასმით ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას ფარული დაპირისპირება, რაც „კაბელების საქმემ“ კიდევ უფრო გაამწვავა. შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ ორი ირაკლის დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი.

ერთი სიტყვით „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გზები გაიყო და ერთ დროს პოლიტიკური მეგობრები, პრაქტიკულად ყველა საკითხზე, დღემდე ღიად და მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს. საინტერესოა რა იქნება მომავალში და როგორ განვითარდება კოალიციისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ურთიერთობა წინასაარჩევნო პერიოდში? ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც შევიტყვე, რომ დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრუნდება მისთვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე. ვინ თქვა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.

ინფორმაცია საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანიას თანაგუნდელმა შეიძლება საგარეო უწყებაში კვლავ მოადგილის პორტფელი ჩაიბაროს

მიხეილ ჯანელიძე: „დავით ზალკალიანი გახლავთ ძალიან ღირსეული კანდიდატურა, ასევე უაღრესად გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი და ღირებული კადრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.  ჩვენ ერთად ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვიმუშავია — მოგეხსენებათ, ერთად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ასოცირების შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა მას, როგორც კანდიდატს განვიხილავთ“.

ყოფილი თანაპარტიელის, ამჟამად ლევან მიქელაძის ფონდის ხელმძღვანელის დაბრუნებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში „თავისუფალი დემოკრატები“ მიესალმენ. 

პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე: „იგი ლევან მიქელაძის ფონდს ხელმძღვანელობდა. დათო ზალკალიანი იყო, არის და რჩება ჩვენს თანამოაზრედ. იგი არის მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი და ნამდვილად მივესალმები, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მას შესთავაზა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი იმედსაც გვიჩენს, რომ იგი ძირითადად ორიენტირებული იქნება პროფესიონალ კადრებზე“.

რამდენად გამართლდება ვიქტორ დოლიძის იმედები დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მინისტრის პირველ მოადგილედ დაბრუნების თაობაზე თავად დიპლომატის თანხმობა არსებობს.

დავით ზალკალიანი: „ჩემგან თანხმობა მიღებულია. პირველ რიგში ეს არის ჩემი არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები თვისობრივად ახალ გარემოებას ქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც ბოლო დროს გადაიდგა საგარეო კურსის მიმართულებით მიმყარებს რწმენას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი“. 

აი ასე, ის რაც დაახლოებით ერთი წლის წინათ შეუქცევადი არ იყო და დემარშის მიზეზად იქცა, ახლა შეუქცევადია. მკითხველმა შესაძლოა იკითხოს — რა მოხდა ასეთი? და შესაძლო კითხვას მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი თავად პასუხობს.

დავით ზალკალიანი: „რაც მთავარია რატომ მივიღე ეს შემოთავაზება — ვფიქრობ, რომ საქართველომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი ასოციარების ხელშეკრულების დღის წესრიგის იმპლემენტაციას, ასევე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, ასევე საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი, რომ ქვეყანა შეუქცევადად ადგას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან  მიმართებაში აღსანიშნავია უელსის სამიტის გადაწყვეტილებები. ის, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს არსებით პაკეტს, და ის, რომ საქარათველოში გაიხსნა ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი“.

სერიოზული და მყარი არგუმენტებია, მაგრამ მე არ მახსენდება 2014 წლის მიწურულს ჩამოთვლილთაგან  რომელიმე ერთის მნიშვნელობა კოალიციაში ვინმეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინოს. ამიტომაც ვეჭვობ შექცევადობა-შეუქცევადობის მიზეზი საგარეო ასპარეზზე ქვეყნის წარმატებებსა, თუ წარუმატებლობაში არ უნდა ვეძებოთ და ყველაფერი გაცილებით მარტივია. კერძოდ, ახალი წლის მიჯნაზე პრემიერ-მინისტრის სავარძელში „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც სავარაუდოდ საგაზაფხულოდ პარტიის თავმჯდომარის სტატუსსაც მოირგებს.  ამ ახალ რეალობაში „თავისუფალ დემოკრატებს“ ასეთი სურვილის შემთხვევაში „ოცნების“ კოალიციასთან თანამშრომლობის შანსი უჩნდებათ. სურვილს კი პოლიტიკაში პრაგმატიზმი განაპირობებს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის თებერვლიდან პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი დავით ზალკალიანიამ ამ ტიპის პოლიტიკურ ინსინუაციებს გაუმართლებლად მიიჩნევს, გამორიცხული ნამდვილად არ არის კოალიციასა და ყოფილ პარტნიორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის შინაარსობრივად სრულიად ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ცალკე ინტერესის თემაა თავად პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება.

პირველი თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
„საოცნებო“ ცვლილებების შანსი და ხიბლი...

კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, ანალიტიკოსი ალექსანდრე რუსეცკი: „გიორგი კვირიკაშვილი საინტერესო სვლებს აკეთებს. ის ფაქტობრივად იმეორებს გიორგი მარგველაშვილის ტაქტიკას და ეცდება გაზარდოს საკუთარი ლეგიტიმურობის ხარისხი. ამით ის გააძლიერებს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ეს დროული და სწორი სვლა არის ოპოზიციასთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ასე რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდება ახალი შანსები მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებშიც ეცდება მონახოს პარტნიორები და მხარდამჭერები. მთავარი საკითხი იქნება ძალოვანი სტრუქტურების ეფექტურობის ზრდა. ეს ყველაზე სუსტი რგოლია და ამ მიმართულებით გიორგი კვირიკაშვილმა უნდა განახორციელოს სტრატეგიული ხასიათის საკადრო რევიზია. აქ საუბარი პიროვნებებზე კი არაა — არამედ პრინციპებზე.“

ვის რა შანსი მიეცემა და როგორ გამოიყენებს მას, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია თუ არა გაბუტულთა შერიგება და ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება რესპუბლიკელების რეაქცია, რომლებსაც ახლა კოალიციაში „პარადი მიჰყავთ“ ამას დრო გვიჩვენებს.


ყველა ახალი ამბავი
0