სულხან მელაძე
დარაბებს მიღმა ზამთარია და კლიმატიც სწორედ ისეთია, როგორიც წელიწადის ამ დროს უნდა იყოს. ცელსიუსით ტემპერატურა იკლებს, ქვეყნის მასშტაბით მთებში განსაკუთრებული დიდთოვლობაა და ზოგან ბარშიც ბარდნის. ერთი სიტყვით მოულოდნელი არაფერი ხდება. გასაკვირი არც არსებული პოლიტიკური კლიმატია. ბოლომდე არ განელებული სადღესასწაულო განწყობების მიუხედავად, დუღილის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ანუ ისეთი როგორიც საპარლამენტო არჩევნებამდე ათი თვით ადრე უნდა იყოს და ძნელი არც იმის განჭვრეტაა, რომ ოქტომბრის თვის მოახლოებასთან ერთად ის კიდევ უფრო მოიმატებს. ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევები წინასაარჩევნო ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. არავინ უწყის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვარშავის სამიტზე, როგორ წარიმართება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი და რა ასახვას ჰპოვებს ეს საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობებზე. ქვეყნის შიგნით რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. გაუფასურებული ლარი, ინფლაცია, შემცირებული ინვესტიციები, გაძვირებული პროდუქტები და მოქალაქეათა უმრავლესობისთვის გაუსაძლისი სოციალური ფონი. ასეთ ვითარებაში ძალზედ ძნელია წლის მთავარი პოლიტიკური ბატალიების შედეგების პროგნოზირება, თუმცა ექსპერტებს უკვე აქვთ გარკვეული მოსაზრებები.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე:
„მმართველ კოალიციაში თვითგანვითარების საჭიროებას თავად გრძნობენ. თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს შესძლო და ხარვეზები წინასაარჩევნოდ დასძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მომავალში კვლავაც მოირგებს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს. სხვაგვარად რამდენიმე პარტია თანაბრად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“.
სავარაუდოდ შიდაპარტიული ცხოვრების სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ამ ეტაპზე მმართველი კოალიციის „თვითგანვითარების“ შემადგენელ ნაწილად უნდა მოვიაზროთ მთავრობის ახალი თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გასული წლის ბოლოს დაანონსებული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერტების ერთი ნაწილი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებს იმთავითვე პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისას ელოდა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ისე როგორც სხვა ბევრი, მეც ვვარაუდობდი, რომ სამთავრობო გუნდში გარკვეული სიახლეები იქნებოდა, თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს დროის საკითხია და საპარლამენტო
არჩევნებამდე ცვლილება მოხდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა ახლა, ვვარაუდობ, რომ ამის მიზეზი ისაა, თავად ახალი პრემიერი შევიდეს როლში და მოირგოს პრემიერის უფლება-მოვალეობანი, ხოლო შემდეგ დაკავდეს თიმბილდინგით. ეს ნორმალური პროცესია“.
გამოთქმული მოსაზრება საგულისხმოა და ანგარიშგასაწევი, თუმცა ჯერ ბუნდოვანია მმართველ კოალიციაში როგორ წარიმართება ეს პროცესი. საინტერესოა მისაღებ გადაწყვეტილებებზე კოალიციის შემოქმედის შესაძლო გავლენა და რაც მთავარია გიორგი კვირიკაშვილის თავისუფლების ხარისხი.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „მე არც ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში მიმაჩნდა, რომ ის არ იღებდა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტის წევრებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ გადაწყვეტილების მიღებისა. ახლა რაც შეეხება ყოფილი პრემიერის გავლენის შესაძლებლობებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპის ქვეყნებშიც მოქმედ ლიდერებს კონსულტაციები აქვთ ყოფილ ლიდერებთან. მით უმეტეს, თუ ყოფილი მმართველი იმ პოლიტიკური ძალის შემქმნელია. ასე, რომ ამ თემაზე საუბარი, ხშირად ჩვეულებრივი სპეკულაციაა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პრემიერსაც ჩვეულებრივ, მიეცემა საშუალება იმუშაოს იმ ვალდებულებებითა და უფლებამოსილებით, რომლითაც ის აღჭურვილია“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე რამდენიმე სერიოზული გამოწვევაა. მათ შორის საარჩევნო სიის ფორმირება და მინისტრთა კაბინეტის განახლება. ორივე საკითხის სირთულის გათვალისწინებით, იმ ფონზე როცა ხალხი ცვლილებებს ელის და ითხოვს მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო არჩევნებამდე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტატუსკვოს შენარჩუნება.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ჩვენ თუ დავაკვირდებით, საზოგადოების ნეგატივი აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ მცირე ნაწილზეა. საზოგადოება არ გამოხატავს ცვლილების სურვილს მთელ რიგ სამინისტრებში. მაგალითად — სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ა.შ. მათ მიმართ სავსებით პოზიტიური შეფასება აქვს მოსახლეობას, ამიტომ, კონკრეტული უწყებების ლიდერების მხოლოდ უმცირესი ნაწილი თუ იღებს ნეგატივს საზოგადოებისგან. ხალხის უმრავლესობა ხელისუფლების საპარლამენტო სეგმენტზე, მის ზოგიერთ წარმომადგენელზე უფროა კრიტიკულად განწყობილი. ცხადია, ქვეყანაში მრავალი პრობლემაა, რაც გადაწყვეტას მოითხოვს, თუმცა, საზოგადოება იმაშიც რწმუნდება, რომ მოთხოვნები იმის ფარგლებში უნდა ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია. რასაც ობიექტური გარემოებები აქვს, იმას ხელისუფლების ეფექტურობაც ვერ გაწვდება. ხოლო რაც შესაძლებელია, საზოგადოებამ აქ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, გააკონტროლოს და თავად გაავრცელოს თავის ძალაუფლება მმართველებზე“.
მაშ ასე, დაველოდოთ კოალიციაში როდიდან, როგორ და რა ხარისხით წარიმართება „თვითგანვითარების“ პროცესი.