თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მთავრობაში ცვლილებები — ეს გარდაუვალი პროცესია, განაცხადა საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც სათავეში გიორგი კვირიკაშვილი ჩაუდგა, 29 დეკემბერს ნდობა გამოუცხადა.
„გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას, უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ აცდება ვერც კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს, ალბათ, რომ გუნდი განაახლოს. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია“, — განაცხადა ივანიშვილმა ანალიტიკური თოქ–შოუ „2030–ის“ ეთერში.
შეგახსენებთ: კვირიკაშვილის მთავრობაში ყველა ძველმა მინისტრმა შეინარჩუნა პოსტი. ცვლილება ერთადერთ სამინისტროს შეეხო, რომელსაც თავად კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახდა. კიდევ ერთი ცვლილებაა ის, რომ ვიცე–პრემიერის პოსტი დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა.