თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თუ დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდება, მას მოუწევს იმ ხმაურიან განცხადებებს უპასუხოს, რომლებიც თანამდებობის დატოვებისას გააკეთა, მიიჩნევს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
ზალკალიანმა, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია, თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. მაშინ მთავრობის რიგები ალასანიას თითქმის ყველა თანამებრძოლმა დატოვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი საფრთხის ქვეშაა.
„განცხადებებზე, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, დავით ზალკალიანს მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება. თუმცა, მის კანდიდატურას მივესალმები", — განაცხადა კალაძემ ხუთშაბათს, 7 იანვარს მედიასთან საუბრისას.
საქართველოს მთავრობის გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსის თანახმად, ქვეყნის პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა.