თეონა გოგნიაშვილი
დამეთანხმებით, ნებისმიერი ერის ხასიათი ყველაზე კარგად იმაში ჩანს, თუ როგორ შეუძლია მას სიხარულისა და მწუხარების გამოხატვა. მოდი, მწუხარებას შევეშვათ და ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებები ზეიმთან, სიხარულთან მიმართებაში განვიხილოთ. ქართველები, მოგეხსენებათ, არტისტული ბუნებით გამოვირჩევით, ამიტომ ბევრ დღესასწაულს ორ-ორჯერ, ძველი და ახალი სტილით, გაორმაგებული პათოსითა და აღფრთოვანებით აღვნიშნავთ. ასეა ახალი წლის შემთხვევაშიც, მასაც ორჯერ: ძველი და ახალი სტილით ვზეიმობთ.
აქვე გეტყვით, რომ საზოგადოებისთვის ინკოგნიტოდ დარჩენილმა ერთმა ქართველმა არ დაიზარა და, 365 კალენდარულ დღეს ამდენივე შესაბამისი საზეიმო მიზეზ-საბაბი მიუსადაგა. კიდევ კარგი, მის მიერ შედგენილ კალენდარზე არ გადავეწყეთ, თორემ შედეგის წარმოდგენაც კი მიჭირს… იმ 365 დღიდან ერთ-ერთი მთავარი ზეიმი, რომელსაც ქართველები ყოველთვის განსაკუთრებული სიფაქიზით ვეკიდებით- ქრისტეშობაა. ამიტომაც იყო, რომ კომუნისტური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ხალხი ამ დღეს ეკლესიაში არ შესულიყო, ტელეეკრანზე ყველასთვის საყვარელ კინო-ჰიტებსა და უცხოური ესტრადის მომღერლების კონცერტებს უშვებდა. ეკლესიის გარშემო თავს იყრიდნენ მილიციელები, რომლებსაც იმ პარტმუშაკების აღრიცხვა ევალებოდათ, ვინც შობა დღეს ტაძარში შევიდოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პარტბილეთის მქონე წესრიგის დამცველებს შორის ბევრი ჩუმად ჯვარსაც ატარებდა. რაც შეეხება სიმბოლოებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იყო და დღემდე არის ჩიჩილაკი- ქართული ნაძვის ხე, რომელიც ხის ბურბუშელებისგან მზადდება და მისი გამოცვლა ყოველ წელსაა აუცილებელი. ადრე მას,,ფოჩიანი კამფეტებით" რთავდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ნაძვის ხის ტრადიცია არსებობდა.
შობა დღეს, ქართულ სოფლებსა და ქალაქებში სახალხო მსვლელობა ეწყობა, რომელსაც ალილო ჰქვია. მოალილოები სიმღერით ყველა ოჯახის კართან ჩერდებიან, ოჯახის წევრებს კი მათთვის ტკბილეული, ფული და ხილი გამოაქვთ. ასევე აღნიშნავდნენ შობას, ანუ გურულად კალანდას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტემპერამენტიანი კუთხის, გურიის წარმომადგენლებიც. იმ განსხვავებით, რომ ისინი საკუთარ ცეცხლოვან ბუნებას ვერ იოკებდნენ და როდესაც ძუნწი მასპინძელი შეხვდებოდათ, გურულად ქოქოლასაც მიაყრიდნენ ხოლმე (სიტყვებით:,,მატარებელი გეიქცა- შენი ოჯახი დეიქცაო“). ამგვარი კორექტივი ტრადიციულ ალილოში ალბათ ისევ იმ ავადსახსენებელი საბჭოური პერიოდის დროს შეიტანეს. დინჯი კახელები ეზოში ამ დღეს წყაროს წყალს აპკურებდნენ, მერე მარანსა და სახლს ლოცავდნენ. იმერეთში სანამ მეკვლე მოვიდოდა, ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სახლისთვის სამჯერ წაღმა შემოევლო და ოჯახი დაელოცა.გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე სახლის ზღურბლს, ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს მიმოაბნევდა, რათა ახალი წელი ბარაქიანი ყოფილიყო.
მეკვლე ვახსენეთ, იგი შობის დღის მთავარი, ტრადიციული ფიგურა გახლავთ, ამიტომ მასზე საგანგებოდ შევჩერდები. მით უფრო, რომ ჩვენი ეროვნული ხასიათი ამ ფენომენის მიმართ განსაკუთრებული ძალით ვლინდება. მეკვლე იყო და დღემდე არის რჩება ის პიროვნება, რომელზეც საქართველოში ლამის პრეზიდენტზე დიდ იმედებს ამყარებენ. წლიდან წლამდე მას მოუთმენლად ელოდებიან: გაუთხოვარი გოგოების მამები, აბიტურიენტი შვილების დედები, ბიზნესმენები და ასე განსაჯეთ, ამა ქვეყნის ძლიერნიც კი…
საქმე ასეც იყო: თუკი მეფეხე ოჯახის წევრების იმედებს,,გაამართლებდა“, მას (პოლიტიკური არჩევნების მსგავსად) მეორე ვადითაც ირჩევდნენ. ასე მაგალითად, რაჭაში წინა წლის მეკვლეს ოჯახი კარგად რომ დასცდიდა, მას ამ ფუნქციის შესრულება კიდევ სამი წლით ევალებოდა. ამ პერიოდის დროს მეკვლე ვალდებული იყო ოჯახისთვის ახალი წლის დადგომა ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით და სანთლით ხელში პირველს მოელოცა. თუშეთში, ახალი წლის დადგომამდე ქალებს აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ, თუკი რამ ჰქონდათ განათხოვრებული. აქ მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, რათქმაუნდა კარგი ფეხი და დიდი გამოცდილება ჰქონდა. თორმეტ საათზე ოჯახში შემოსული მეკვლე კერიასთან კვერს დააგორებდა ისე, რომ იგი წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი წაღმა დატრიალებულიყო. აჭარაში ახალ წელს ოჯახს უმცროსი ვაჟი ულოცავდა.ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა, გულზე კი ბებიის ნაჩუქარი ჯვარი ჰქონოდათ. სამეგრელოში, საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით,,დააბერებდა“. ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკითა და ღომის ჯამით სახლიდან გარეთ გადიოდა და გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ ისე სახლში შემოდიოდა. საახალწლო მაგიდაზე კი ელაგა: ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვა. გურიაში ახალი წლის დილას მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა, სუფრაზე ღორის თავი და გურული ღვეზელები ეწყო.
აი, საკუთარი მოვალეობის შესრულება მეკვლეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში მაინც სვანეთში უწევდა. მას ნებისმიერ ამინდში ღამე მიპატიჟებული ოჯახის გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში ასე ვთქვათ, განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდებოდა ფაქტობრივად ალპურ ზონაში, აუტანელი სიცივის პირობებში. არ ვიცი, ამგვარი განსაცდელი მისთვის რატომ დააწესეს, მაგრამ ფაქტია, სვანისთვის მეკვლედ ყოფნა,,კარგი ფეხის“ გარდა, კარგ ფიზიკურ მომზადებასაც მოითხოვდა.
და ბოლოს, ოჯახის ტრადიციული დალოცვა, რომელსაც ვერც ერთი მეკვლე დღესაც კი გვერდს ვერ აუვლის:,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი —კვალი ანგელოზისა“… ასეა თუ ისე, შობა დღეს პირველ რიგში, მოდი, უფალს დავუნთოთ სანთელი, მერე ხალხური ტრადიციაც შეძლებისდაგვარად დავიცვათ, რადგან ამაში ხომ ჩვენი, ქართული ხასიათი და ბუნება ვლინდება… მთლად მეკვლეს ფეხის იმედად კი ნუ დავრჩებით და საკუთარი ბედი ჩვენვე შევცვალოთ… ბედნიერ შობას გისურვებთ…