საქართველოს ყველა რეგიონში საშობაო „ალილო“ იმართება

საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა
საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ალილოზე“ შეგროვილ ძღვენს 9 იანვარს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების ბინადართ გადასცემენ.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება  გაიმართა.

დღეს, 7 იანვარს, საქართველოს ყველა რეგიონში საშობაო „ალილო“ იმართება.

თბილისში მეალილოები მსვლელობას 14:00 სთ-ზე ვარდების მოედნიდან დაიწყებენ. 

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის აღმართით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოობა თბილისში - Sputnik საქართველო
ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

ალილოობა საქართველოში უხსოვარი დროიდან აღინიშნება. მოალილოვეთა შორის არიან წითელჯვრიანი თეთრი პერანგებით შემოსილი სტიქაროსნები და ეკლესიის მსახურები, რომლებსაც ხატები, ხორუგვები და ჩირაღდნები დააქვთ და საალილოო სიმღერას მღერიან. მათ წინ მიუძღვით ხარებშებმული ურემი, რომელზეც კალათები ალაგია შეჭირვებულთა და ობოლთა დასახმარებლად გაღებული ტკბილეულის, ხილისა თუ სათამაშოების ჩასალაგებლად.

მეალილოები  რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლები ტკბილეულით დახვდებიან. „ალილოობაში საკუთარი ძღვენით მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

ალილოობა თბილისში
ალილოობა თბილისში - Sputnik საქართველო
ალილოობა თბილისში

„ალილოში“ მონაწილეობას მოსახლეობაც იღებს,  ისინი მეალილოელებს ტკბილეულით გზადაგზა შეუერთდებიან.  მეალილოები შეგროვილ ტკბილეულსა და საჩუქებს  სამების ტაძარში მიიტანენ, საიდანაც „ალილოზე“ შეგროვილ ძღვენს 9 იანვარს  მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების ბინადართ გადასცემენ.

საქართველოში „ალილოს“ ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, ისევ აღდგა.


ყველა ახალი ამბავი
0