თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, გარდა ამისა, ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარების, მოწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის საფუძველზე იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება იქნება, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი.
მზარდი და კონკურენტული ეკონომიკის პირობებში ენერგომატარებლებზე წვდომა წარმოადგენს ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლების აუცილებელ პირობებს. ამ ამოცანის შესრულებისთვის ხელისუფლება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით გააგრძელებს საქმიანობას, როგორიცაა ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენება, რაც შუალედურ და გრძელვადიან პერსპექტივაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტს და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს. გარდა ამისა, მთავრობა ენერგოტევადი მრეწველობის განვითარების შემთხვევაში ენერგოსექტორის განვითარებას უზრუნველყოფს.
ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პოლიტიკა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებასა და გენერაციის დამატებითი სიმძალავრეების შექმნაზე იქნება დაფუძნებული. გარდა ამისა, საინვესტიციო პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს სტაბილური სატარიფო პოლიტიკის რეალიზების შესაძლებლობა.
სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება მიმზიდველი და მომგებიანი საინვესტიციო გარემოს შექმნა. უფრო მეტად ეფექტური გახდება ღონისძიებები, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული: გამარტივდება და გამჭვირვალე გახდება პროცედურები.
ადგილობრივი რესურსების განვითარების კუთხით, ტექნიკური პროცედურების გათვალისწინებით, პრიორიტეტულად რჩება განახლებადი ენერგიის განვითარება.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ფარგლებში, ასევე პრიორიტეტული იქნება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებობასთან მიახლოება. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა შესაბამისი რეფორმების მეშვეობითა და რეგულაციების ცვლილებებით, ბაზრის ლიბერალიზაციითა და უცხოური ინვესტიციების მოძიებით მოხდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის, ტრანზიტისა და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას.