თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 522 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორი საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზეა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, არსებითად გაიზარდა ადგილობრივი ბანკების როლი ენერგეტიკაში. შედეგად, მათ 130 მილიონ დოლარზე მეტი ჩადეს და მათგან 100 მილიონი გამოიყო ჰესების ასაშენებლად 16 პროექტზე.
„ექსპლუატაციაში შევიდა 12 ჰიდროელექტროსადგური ერთიანი დადგმული სიმძლავრით 170,7 მგვტ, ხოლო ინვესტიციებმა 283 მილიონი დოლარი შეადგინა“, — თქვა მინისტრმა.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არ ყოფილა ასეთი მასშტაბური პროექტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხს გონივრული მიდგომა სჭირდება.
„იმისათვის, რომ მსოფლიოს განვითარების სწრაფ ტემპს არ ჩამოვრჩეთ, ჩვენთვის აუცილებელია განვითარებული ინდუსტრია, მატერიალური რესურსები და შესაბამისად მეტი ენერგია. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა, მაგრამ გონივრული მშენებლობა. ჩვენ ყველა პროექტს მაქსიმალურად ვსწავლობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 21 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას.