თბილისი, 14 დეკემბერი —Sputnik. ელექტროენერგიის წარმოებისა და მისი ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ქვეყანაში 27 000 მდინარეა და ამ მათზე ჰიდრო ობიექტების აშენება ქვეყნის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი უნდა გახდეს– განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.
„საქართველოს მდებარეობა, ევროპასთან სიახლოვე და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობა კიდევ უფრო ამარტივებს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას და ვფიქრობ ამ მიმართულებით ინვესტორების დასაინტერესებლად უფრო აქტიური მუშობაა საჭირო –აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
„ელექტროენერგიის ექსპორტი საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ სავალუტო შემოსავლები მიიღოს ქვეყანამ, არამედ მნიშვნელოვანწილად გაიუმჯობესოს საგადამხდელო ბალანსი.“–განაცხადა ეკონომისტმა
კალანდაძის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჰიდრო–რესურსების მაქსიმალური ათვისებაა და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირებას.
„ეს არ ნიშნავს რომ საქართველო მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი იქნება. თუმცა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ადგილობრივი ენერგიით ჩანაცვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია“–მიაჩნია ლევან კალანდაძეს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ენერგეტიკაში არა ერთი ინვესტიციის განხორციელება არის დაანონსებული, აქ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება ჯერ–ჯერობით მაინც დაბალი ტემპებით ხორციელდება.