რიგით მეთორმეტე, რატომაც არა?...

© https://www.facebook.com/economyprგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სულხან მელაძე

 დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც თქვენ და მე ერთად ვიკითხეთ — ვის აჩუქებს სანტა პრემიერის სავარძელს?..

 სულ რაღაც ორიოდე დღემ განვლო და პასუხიც არის! 

 დარწმუნებული ვარ გაოცებული იკითხავთ — ეს როგორ, სანტა ხომ ჯერ არ მოსულა… 

 დიახ ასეა. მეტიც, წითელი მაიმუნი ბანანს ჯერ მხოლოდ ფრცქვნის და მინდორშიც ლურჯი თხა ბალახობს, თუმცა სანტას ფავორიტი და ვისთვის მძიმე, ვისთვის მსუბუქი და ვისთვისაც „საოცნებო“ საჩუქრის ადრესატი ცნობილია. თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რიგით მეთორმეტე პრემიერ-მინისტრისათვის გამოთლილ სავარძელს გიორგი კვირიკაშვილი მოირგებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ვის აჩუქებს სანტა პრემიერის სავარძელს?

 სათქმელი ხატოვნად გითხარით და ერთსაც დავსძენ, დაუნახავი და უმადური არ უნდა იყო კაცი. ჩვენში კი, ვისაც არ ეზარება ყველა იმაზე საუბრობს, რომ "მეოცნებე" კოალიცია დანაპირებს არ ასრულებს, ხალხიც მოტყუებულია და იმედგაცრუებული…

 არადა არ არის ასე. თავად განსაჯეთ — ოთხშაბათს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა, ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე პარლამენტარები პარასკევს იმსჯელებდნენ. დიახ, სიტყვა და საქმე ერთი იყო  - შეიკრიბნენ, ნაყოფიერად იმსჯელეს და კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების სრული დაცვით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის გიორგი კვირიკაშვილი

  სახელმწიფოს მეთაურმა კანდიდატურას მხარი დაუჭირა და ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ეფექტური და ძლიერი მთავრობა სჭირდება. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი დაამტკიცებს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას. 

 რაც შეეხება ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მთავრობის თავმჯდომარისა და წევრების დამტკიცებას, ეს პროცედურა სამშაბათს რიონისპირა ქალაქში გაიმართება.

 გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები არ გამორიცხა და საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად ორი დღე ითხოვა. ვიცი დამეთანხმებით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ და მოსალოდნელ ცვლილებებზე საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია და საამისოდ ხალხის რჩეულების საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, თუმცა ვერავინ დაგვძრახავს, თუ ამთავითვე ვიკითხავთ — რატომ შეჩერდა არჩევანი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე? 

ენმ–ის მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
ენმ: პრემიერის გადადგომა — ეს ივანიშვილის პირადი პერსონალის როტაციაა

 რამდენიმე მოსაზრება დასმულ კითხვაზე:

 ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „დაიწყო საარჩევნო წელი. ასეთი კონტექსტის გამო, მმართველ კოალიციას სჭირდება ისეთი პრემიერი, რომელსაც არ იქნება შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების ტვირთი, იქნება უფრო ნაკლებად რადიკალური პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობაში, უფრო მეტად კონსტრუქციული და გამაერთიანებელი, უფრო მოქნილი საზოგადოებასთან დიალოგის პროცესში. ასეთია კვირიკაშვილი, თავისი წარსულით და მენტალობით, მისაღები ყველასთვის. საქართველოს დასავლეთელ სტრატეგიულ პარტნიორებს აღარ შეაშფოთებს პრემიერ ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი სიხისტე, ძალიან ახლო და პატივისმცემლური დამოკიდებულება სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქთან, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების ცალსახად პოზიტიური შეფასება, კრიტიკული პათოსი პრივილეგირებულ არასამთავრობოებთან და წინა ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებთან მიმართებაში. და, რაც მთავარია, საარჩევნო კამპანიის კონტექსტში, რამდენადაც ძნელი იქნება,,ქართული ოცნებისთვის“ მთავრობის დაკომპლექტების უფლების მოპოვება, პრემიერი კვირიკაშვილი უფრო მისაღებია სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით.“ 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერი გახდება

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: „რამდენიმე თვის წინ არაერთ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, რომ ამომრჩევლის უკმაყოფილების გამო „ქართულ ოცნებას“ მოუწევდა პრემიერის შეცვლა. არა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ცუდი პრემიერი იყო, არამედ იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველი ცვლილებებს ელის, ხოლო მთავრობის გადახალისება ყველაზე მარტივი გამოსავალია. მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეულად წავიდა და წასვლამდეც ღირსეულად იქცეოდა. ხალხი მას ეროვნულ პოლიტიკოსად აღიქვამდა. ამიტომ მას სამომავლოდ კარგი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. გაიხსენეთ, როგორი იყო სამი წლის წინ და რამხელა გამოცდილება შეიძინა. მისი პირველ ნომრობა საპარლამენტო სიაში პოზიტიურად აღიქმება და იმასაც უსვამს ხაზს, რომ მომავალი პარლამენტი „რესპუბლიკური“ არ იქნება. ჩემს პროგნოზში თვეების წინ მხოლოდ იმაში შევცდი, რომ მომავალ პრემიერად დავით სერგიენკოს მოვიაზრებდი. არ გამოვრიცხავ, რომ მან თავადვე თქვა უარი. მის კანდიდატურას უთუოდ პოზიტიური რეაქცია მოჰყვებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ათეულობით ათასი ადამიანი ფიზიკურად გადარჩა, რადგან სახელმწიფომ დიდწილად აიღო საკუთარ თავზე ჯანდაცვის დაფინანსება. რატომ შეჩერდა არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე? გარდა იმისა, რომ იგი დახვეწილი და გაწონასწორებული ადამიანია, მიზეზი მის ბიოგრაფიაში უნდა ვეძებოთ; სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან ეკონომიკის სპეციალობით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ მაგისტრატურა გაიარა აშშ ილინოისის უნივერსიტეტში და ფინანსთა მაგისტრი გახდა. მუშაობდა სხვადასხვა ბანკში (მათ შორის, „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად), მანამდე იყო USAID–ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელად. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ მას ერთნაირად ენდობიან ბიძინა ივანიშვილი და ამერიკელები, რომელთათვისაც კვირიკაშვილი „მათიანად“ აღიქმება. დაბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრად მის მუშაობას დაემთხვა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება, რასაც საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა. ესეც ერთგვარი პოზიტივია კვირიკაშვილის პოლიტიკურ ყულაბაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უკავშირდება რუსეთის გადაწყვეტილება პირადად მის ფაქტორს. ხალხი ჯერაც ელის „ოცნების“ დანაპირების შესრულებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და სქართველოს მთლიანობისკენ სერიოზული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. თუ ხელისუფლებამ ამომრჩეველს არ აჩვენა მტკიცე ნება სამართლიანობის აღდგენის კუთხით, „ოცნებას“ გაუჭირდება 2016 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. მხოლოდ საკადრო ცვლილებები ამინდს ვერ შეცვლის.“ 

ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ვიღიმებით და ხელს ვუქნევთ — რეაქცია სოციალურ ქსელში პრემიერის გადადგომაზე

 ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „მომავალი წელი — საარჩევნო წელია! ამან განსაზღვრა მეორე პრემიერის გადადგომა — ხელისუფლების ავტორიტეტი თვალსა და ხელს შორის დნება. ასეთ პირობებში გარედან პრემიერის პოსტზე ვინმეს მოყვანა ძალიან სარისკო იქნებოდა. გიორგი კვირიკაშვილი პირველ რიგში წესიერი კაცია, მეორე ის, რომ საკმარისად ფართო გამოცდილება აკრიფა, პიროვნულად არაკონფლიქტური და ურთიერთობებში თავაზიანია… ოპონენტებთან საუბარს შეძლებს… ასე, რომ პრემიერის კანდიდატურა ამ ხელისუფლებამ სწორად გადაწყვიტა… სამწუხაროდ, სამი წლის მანძილზე ეს ერთ-ერთია იმ მცირე, სწორ გადაწყვეტილებებს შორის… ახლა მთავარია, თავისუფლების რა ხარისხი ექნება ახალ პრემიერს და როგორ დაკომპლექტდება მთავრობა… მე ვფიქრობ, ბევრი არა, მაგრამ ამ ერთ არასრულ წელიწადში, არჩევნებამდე  ხელშესახები შედეგების მიღება შეიძლება სწორი და რადიკალური გადაწყვეეტილების ხარჯზე, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნა.“ 

 ძვირფასო მკითხველო, დასასრულ გავკადნიერდები და ჩემ მიერ დასმულ კითხვას თავადაც ვუპასუხებ. არ დაგღლი და როგორც არასდროს ისე, ლაკონური ვიქნები:

  — რატომაც არა?!


ყველა ახალი ამბავი
0