თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია ჰქონდა.
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ღარიბაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა, მასთან ერთად ავტომატურად გადადგა მთელი მთავრობაც. მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება.
პრემიერ–მინისტრის გადადგომას განსაკუთრებულად აქტიურად ყოფილ მმართველ პარტიაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმიანებიან და მახვილსიტყვაობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
„წავიდა… ვიღიმებით და ხელს ვუქნევთ…“, — წერს გელა ვასაძე და ირონიულად შენიშნავს, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტზე მხარს უჭერს წარმოშობით უკრაინელი დავით სერგეენკოს კანდიდატურას. „დაე. იმათ ქართველი ჰყავდეთ პრემიერად, ჩვენ — უკრაინელი. ეს სამართლიანი არა, მაგრამ სამაგიეროდ სიმეტრულია“ — მიანიშნებს იგი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე.
შოთა უტიაშვილმა პრემიერად ქალის დანიშვნა შემოგვთავაზა, თანაც აუცილებლად ლამაზი ქალისა: „ბატონო ბიძინა, კაი ნაშა რო დაგვინიშნოთ პრემიერად არ შეიძლება? საქმეს მაინც არავინ გააკეთებს და შეეხედებოდეს მაინც“, — წერს იგი და ამით მიანიშნებს, ვინ არის ქვეყნის ფორმალური მმართველი.
ამასთან უტიაშვილი ირონიულად ინტერესდება, „გრამატიკულად სწორი რომელია: გადადგა თუ მოხსნეს?“
ფეისბუქმომხმარებელმა დავით პაიჭაძემ პრემიერის გადადგომა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის დაბადების დღეს დაუკავშირა: „დღეს ყოფილა ბერას დაბადების დღე.
მამა საღოლ, პრემიერი დაუკლა“.
ღარიბაშვილის გადადგომაში სიმბოლურობა შენიშნა ეკა ხერხეულიძემ.
„"მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციაში“, — თქვა ხელის ბიჭმა ღარიბაშვილმა. დღეს, როცა, ეს ბიჭი საკუთარ პოლიტიკურ ნეკროლოგს კითხულობდა,ზუსტად იმ წუთებში მიშა უკრაინის ანტიკორუფციულ ფორუმს ხსნიდა კიევში. მიყვარს სიმბოლოები“, — დაწერა მან.
გოგი გვახარიამ კურიოზული კავშირი დაინახა ღარიბაშვილის გადადგომასა და ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ წავიდა პოლიტიკიდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააარსა. „მთელი საქართველო მსჯელობს, რა ჩაიფიქრა ადამიანმა რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს“, — წერს იგი.
„ნაცმოძრაობის“ მომხრეთა საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მხარდამწერებმა სოციალურ ქსელებში სინანული გამოთქვეს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის გამო და მის გადაწყვეტილებას სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
„ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ იქნება პრემიერი არჩევნებამდე, საერთოდ არ წავალ არჩევნებზე!!! ამ ბინძურ პოლიტიკაში ძლივს ვეღირსეთ ნათელ და სუფთა ადამიანს და ისიც გინდათ ხელიდან გამოგვაცალოთ?!“, — წუხს ნუციკო მუშკური.
პრემიერის ნებაყოფლობით გადადგომას დემოკრატიის გამარჯვება უწოდა გიორგი უძილაურმა: „2:0 ქართული დემოკრატიის სასარგებლოდ. ავტორიტარიზმის შანსი საქართველოში ნულად დარჩება“, — დაწერა მან „ფეისბუქში“.
ნათია წკეპლაძემ კი ღარიბაშვილის იმ სიტყვებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც მან მეუღლესა და შვილებს მიუძღვნა: „კაცი, რომელიც ასე აფასებს მეუღლესა და შვილებს, ყველაფერს კარგს იმსახურებს… წარმატებებს გისურვებთ!!! იმედი მაქვს, რარაც ეშველება ჩვენს ქვეყანას“.
გრიგოლ მიქაუტაძემ კი ასე გამოხატა საკუთარი განწყობა: „ვწუხვარ, არავის აქვს შეცდომის უფლება, თქვენნაირი დამიანები სამშობლოს უნდა ემსახურებოდნენ“.
მომხმარებელმა ანუკი ოჩიგავამ ღარიბაშვილის საქციელი ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.
"ირაკლი, ძალიან ვწუხვარ. თუმცა ვამაყობ იმით, რომ ღირსეულად გეჭირათ თავი და ლამაზად მოსვლასა და საამაყო საქმეებს ღირსეულად წასვლა მოჰყვა“, — დაწერა მან.
მურმან ყურაშვილს მიაჩნია, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტიდან წასვლა ღარიბაშილისთვის ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცევა. „ეს მოვლენები ირაკლი ღარიბაშვილისთვის ცხოვრების დიდ სკოლად იქცევა, ის დაინახავს, ვინა რის ნამდვილი მეგობარი და ხელისუფლების მომხიბლაობის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, რაც მისთვის სასიკეთო იქნება“, — აზიარებს საკუთარ მოსაზრებას ყურაშვილი.
მომხმარებელ თამთა ნონიაშვილის აზრით,ღარიბაშილი ის კაცია, ვისი იმედიც ხალხს ჰქონდა: „ვწუხვარ. ეს ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც საქართველოსა და ხალხზე ფიქრობდა, და ხალხსაც მისი იმედი ჰქონდა“.
გიორგი მაღრაძის აზით, ღარიბაშვილმა დანაპირები შეასრულა: „ირაკლიმ შეასრულა თავისი მთავარი დაპირება: მოვიდა სუფთა ხელებით და მიდის სუფთა ხელებით. ირაკლი წარმატებული პრემიერ–მინისტრი იყო. გული მწყდება, მაგრამყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს“, — მიაჩნია მას.
ნეიტრალურად არის განწყობილი მომხმარებელი ეგორ კუროპტევი, რომელიც მსჯელობს, თუ ვინ შეიძლება დანიშნონ პრემიერად და ასევე ხაზს უსვამს კანდიდატების კავშირს „ქართუ ჯგუფთან“.
„ახალი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი თავმჯდომარის ნაცვლად საქართველოს მთავრობის მეთაურობის ძირითადი კანდიდატები არიან „ქართუ ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და მისი ყოფილი მოადგილე. „ქართუ“ საქართველოს მთავრობისთვის კადრების სამჭედლოა“, — წერს კუროპტევი.
თავად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გეგმაში ჯერჯერობით მხოლოდ დასვენება აქვს. „ახლა უბრალოდ დასვენებას ვაპირებ. დანარჩენს გვაჩვენებს დრო“, — თქვა მან. მას არ გაუმხელია თანამდებობიდან არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წასვლის მიზეზი. საქართველოს მსახლეობისადმი მიმართვაში მან უბრალოდ პირობა დადო, რომ იქნება „სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი“.