თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე–პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ დასრულდეს ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ასევე მას გამოუცხადებს ნდობას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გავაკეთებთ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის შესახებ პრეზიდენტს გაეგზავნება, ხოლო სახელმწიფოს მეთაურმა, თავის მხრივ, კანდიდატი უნდა მოიწონოს. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მინისტრთა ახალ კაბინეტსა და პროგრამას წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ახალ მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით ნდობის ვოტუმი ხმათა უმრავლესობით უნდა გამოუცხადოს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრის უფლებამოსილება შეჩერებულია და ისინი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან.