თბილისი,25 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილის სახით ღირსეული კანდიდატი შეარჩია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე, — განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ 25 დეკემბერს ოფიციალურად წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტზე.
„მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა კოალიცამ შეარჩია პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩემი მეგობარი, მინდა მას ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით. ახლაც სამი წელი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იყო“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამ პოსტს ის 2013 წლიდან იკავებდა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენის შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნება. მისი კანდიდატურა ახლა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და საკუთარ პროგრამას წარუდგენს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ხმათა უმრავლესობით ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს ახალ პრემიერ–მინისტრსა და მის მთავრობას.