სულხან მელაძე
მოსალოდნელი თუ მოულოდნელი? ლოგიკური თუ ალოგიკური? მიზანშეწონილი და თანაც დროული თუ არამიზანშეწონილი და ნაჩქარევი? კითხვები არის და კიდევ დიდხანს იქნება. თუმცა ახლა ეს როდია მთავარი. გადაწყვეტილება მიღებულია. პრემიერ-მინისტრი გადადგა.
„…მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს, ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს, თანადგომისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას, ჩემს შვილებს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი, ასეთი შემართებით მეკეთებინა საქმე, რასაც ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური ჰქვია. ჩემი ოცნება იყო და იქნება ერთიანი და ძლიერი საქართველო ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი.“, — ამ სიტყვებით, დამაჯერებელი ტონითა და ემოციურად დაასრულა მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალური განცხადება და დაემშვიდობა საქართველოს მოსახლეობას.
განცხადებიდან დროის მცირე მონაკვეთში მინისტრთა კაბინეტი პრაქტიკულად სრული შემადენლობით პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბა.
ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური განცხადება დასრულებული არ ჰქონდა, როცა პირველი შეფასებები კეთდებოდა. „ის იყო წარმატებული მთავრობის წარმატებული თავმჯდომარე და პოლიტიკოსი, დასრულდა რეფორმების ერთი ეტაპი და იწყება ახალი“, — ასეთია ყოფილი პრემიერის პოლიტპარტნიორების პირველი შეფასებების პათოსი.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციასა და პარლამენტს მიღმა მოღვაწე პოლიტიკოსებს, მათი უმრავლესობა კვლავაც ქვეყანაში არსებულ ფორმალურ მმართველობაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ გადადგა უნიათო მთავრობის უნიათო მეთაური.
ექსპერტ-ანალიტიკოსები მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლას ბიძინა ივანიშვილსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ. მმართველი პოლიტიკური გუნდის, ოპოზიციისა და ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გადადგომისთვის დრო სწორად იყო შერჩეული.
„სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“ სად და რა მიმართულებით განაგრძობს მოღვაწეობას ირაკლი ღარიბაშვილი ჯერჯერობით უცნობია, პრემიერი წავიდა თანამდებობიდან, უცნობია რჩება თუ არა პოლიტიკაში. თავად არაფერი უთქვამს. ყოფილი მთავრობის ყოფილ მეთაურს არ დაუკონკრეტებია მმართველ კოალიციასთან სამომავლო ურთიერთობების თაობაზე. თუმცა უკვე საუბრობენ, რომ შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას ჩაუდგეს სათავეში.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „დიდი შანსია, ის ჩაუდგეს სათავეში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, რასაც საკმაოდ მივესალმებოდი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოღვაწეობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
რაც შეეხება მისი პრემიერობის სამ წელს — ბოლო წლების შედეგებიდან ჩემთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი შემიძლია გამოვყო: პირველი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, რომ სახელმწიფო სექტორი აღარ ასოცირდება რეპრესიულ მანქანასთან; პენიტენციარული სისტემის რეკორდული სიჩქარით გაუმჯობესება; ასევე გამოვყოფდი ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ა.შ. მეორე, ეს არის სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების განცდა, მთელი რიგი მიმართულებები — ჯანდაცვის კუთხით, შემწეობებით, დემოგრაფიული პირობების სტიმულირების კუთხით და ა.შ. მესამე, ეს არის რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა — მთის კანონი, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციები და ა.შ. მეოთხე, ეს არის საგარეო ორიენტირების შედეგობრივი სიცხადე — ასოცირების ხელშეკრულება, მსოფლიოს მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასება და ა.შ. მისი შედეგი ე.წ. ვიზა-ლიბერალიზაცია და ა.შ. და ამ ყველაფრის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ უიშვიათესად მსმენია, მოსულიყოს ახალგაზრდა ადამიანი ხელისუფლების სათავეში, ფლობდეს საკმაოდ დიდ ძალაუფლებას და ადამიანად დარჩენილიყოს. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა ადამიანად, დარჩა ადამიანად და მიდის ადამიანად“.
პრეზიდენტის ბრძანებულებით მთავრობას მოვალეობის შესრულება დაევალა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს შვიდი დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.
შვიდი დღის ვადაში კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. ხოლო, ამის შემდეგ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება.
დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე რეალურ კანდიდატებად ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოიაზრებს.
არაოფიციალურად ისიც ითქვა, რომ შეიცვლებიან ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრები. შესაძლოა მათი ხვედრი გაიზიაროს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში.
ჯერჯერობით კითხვები — რამ განაპირობა ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლა და შეძლებს თუ არა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდ დღეში ახალი მთავრობის ფორმირებას ღიად რჩება. რაც შეეხება მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, როგორც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა პარასკევს იმსჯელებს.
ვნახოთ, დაველოდოთ ვინ შეხვდება მაიმუნის წელს პრემიერ-მინისტრის სავარძელში დრო გვიჩვენებს.