თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. პროკურატურის გამომძიებლებმა ვერ აღმოაჩინეს მსჯავრდებულთა შეწყალების სახელმწოფო კომისიის ექს ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში შეტყობინებები, რომელიც შეიცავდა მუქარას ხელისუფლების მხრიდან, განაცხადა უწყების წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ სამშაბათს, 15 დეკემბერს.
პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გავლენით ვაჭრობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის დაკითხვის შემდეგ აღიძრა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, 2013–2014 წლებში მან შესაბამის უწყებებს პოლიტიკოსების მხრიდან კომისიაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემაც განაცხადა.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბერს, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დამატებით დაიკითხა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც გამოძიებას ის მობილური ტელეფონი წარუდგინა, რომელშიც მისი თქმით კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები იყო. მინდა განვაცხადო, რომ ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა ის შეტყობინებები, რომელზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა“, — განუცხადა ჟურნალისტებს კაციტაძემ.
ელისაშვილმა, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია, დაკითხვის შემდეგ, თანხმობა განაცხადა ტელეფონის დამატებით კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზაზე, თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
ამ საქმის ფარგლებში, პროკურატურამ ასევე დაკითხა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელიც ალეკო ელისაშვილის თქმით, ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ საქმის კურსში იყო კორუფციულ გარიგებებზე. თუმცა თავად გოგაძე ამ ფაქტს უარყოფს.
მანამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს 2010 წელს გახმაურებულ ე. წ. „კოკაინის საქმეზე“ დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის „საქმის დაძვრას“ დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებული საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქეა.
გამოცემის ინფორმაციით, ე. წ. „კოკაინის საქმის“ მთავარ მოქმედ პირს ნუგზარ ბოჭორიშვილს ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმრების სიაში ჩართვა უნდოდა, რომელიც პარლამენტმა 2012 წელს დაამტკიცა. მანამდე ის ბესელიასა და კობახიძეს დაუკავშირდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
„კოკაინის საქმის“ გამოძიებისას დადგინდა, რომ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოში, რომან მუსემიანის სახელზე, ჯართს აგზავნიდა, რომელშიც კოკაინი იყო შენახული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოკაინის საქმის“ მონაწილე პირებს – ანასტასია ზაუტაშვილს, მევლუდ სვანიძეს, რომან მუსემიანს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და თენგიზ გურჩიანს, თითოეულს 30 წელი პატიმრობა შეეფარდა, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი – უვადო პატიმრობა.
თუმცა, საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.
მანანა კობახიძე 2010 წელს „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულების ადვოკატი იყო. იმავე პერიოდში ბესელიაც საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.