თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეწყალების სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეიძლება დაკითხვაზე დაიბარონ, განაცხადა კომისიის ექს–თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა მედიასთან საუბრისას ოთხშაბათს, 9 დეკემბერს.
ალექსანდრე ელისაშვილი, ამჟამად საკრებულოს დეპუტატი, 2013 და 2014 წელს შეწყალების კომისიას ხელმძღვენელობდა. გუშინ მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომისიაზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მაშინვე მიაწოდა და კორუმპირებული პოლიტიკოსების გვარები დაუსახელა. შეწყალების სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ ასევე კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც ისაუბრა. მან პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.
„გამომძიებელს ყველა ინფორმაცია მივაწოდე რაც ვიცოდი, დავუსახელე გვარები და პროკურატურა დღეს თუ არა ხვალ, მაინც დაკითხავს ზვიად ქორიძეს დ ხვებსს, ვინც დავასახელე. ისინი ყველას – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის დაკითხვას აპირებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მისთვის ყველაზე მთავარი გამოძიების ბოლომდე მიყვანაა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რომ დაისაჯონ ის… პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლების ხარჯზე ფულის გაკეთებას ცდილობდნენ, და რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს“, – დასძინა მან.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის საქმე „ზეგავლენით ვაჭრობის“ მუხლით აღძრა.