თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმართა შეწყალებისთვის ქრთამს იღებდნენ, განაცხადა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.
ალექსანდრე ელისაშვილი, ამჟამად საკრებულოს დეპუტატი, 2013 და 2014 წელს შეწყალების კომისიას ხელმძღვენელობდა.
„მათ (პოლიტიკოსებმა) წინასწარ აიღეს 200 ათასი დოლარი და კიდევ მილიონნახევარ დოლარს ელოდებოდნენ კონკრეტული პატიმრების გასვლის სანაცვლოდ… ჩემზე ზეწოლის მცდელობა იყო და ძალიან არაჯანსაღი ინტერესი იყო იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, მან საქართველოს მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მაშინვე მიაწოდა და კორუმპირებული პოლიტიკოსების გვარები დაუსახელა, თუმცა, აქამდე დაკითხვაზე ის არავის დაუბარებია.
შეწყალების სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ ასევე კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზოგიერთი პატიმრის მიმართ მომეტებული ინტერესია, რაც ეჭვს ბადებს.