დეპუტატმა, რომელიც ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს, დაცვაზე უარი განაცხადა

© https://www.facebook.com/OfficialPOG/მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გამომძიებელი საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს უსაფრთხოების მიზნით, დაცვას სთავაზობდნენ, ვინაიდან შეწყალების სახელმწიფო კომისიის შესახებ სისხლის სამართლის საქმე ელისაშვილის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, რომლის განცხადების საფუძველზეც შეწყალების სახელმწიფო კომისიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და გამოძიების მიერ შეთავაზებულ დაცვაზე უარი განაცხადა.

პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გავლენით ვაჭრობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის დაკითხვის შემდეგ აღიძრა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, 2013–2014 წლებში მან  შესაბამის უწყებებს პოლიტიკოსების მხრიდან კომისიაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემაც განაცხადა.

„გუშინ პრეზიდენტს შევხვდი, და პრეზიდენტი ჩემი უსაფრთხოების გამო შიშობდა, მან დაცვის დანიშვნა შემომთავაზა, ასევე გამომძიებელმაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე უარს ვაცხადებ“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, 15 დეკემბერს დაკითხვის შემდეგ.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილმა ხელისუფლება პატიმრების შეწყალებისთვის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა

გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს 2010 წელს გახმაურებულ  ე. წ. „კოკაინის საქმეზე“ დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის  „საქმის დაძვრას“ დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებული საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქეა.

გამოცენის ინფორმაციით, ე. წ. „კოკაინის საქმის“ მთავარ მოქმედ პირს ნუგზარ ბოჭორიშვილს ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმრების სიაში ჩართვა უნდოდა, რომელიც პარლამენტმა 2012 წელს დაამტკიცა. მანამდე ის ბესელიასა და კობახიძეს დაუკავშირდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

 „კოკაინის საქმის“ გამოძიებისას დადგინდა, რომ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოში, რომან მუსემიანის სახელზე, ჯართს აგზავნიდა, რომელშიც კოკაინი იყო შენახული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოკაინის საქმის“ მონაწილე პირებს – ანასტასია ზაუტაშვილს, მევლუდ სვანიძეს, რომან მუსემიანს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და თენგიზ გურჩიანს, თითოეულს 30 წელი პატიმრობა შეეფარდა, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი – უვადო პატიმრობა. 

თუმცა, საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.

მანანა კობახიძე 2010 წელს „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულების ადვოკატი იყო. იმავე პერიოდში ბესელიაც საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.


ყველა ახალი ამბავი
0