თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ–ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის მოლაპარაკებები მოსკოვში სამშაბათს, 15 დეკემბერს გაიმართება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
შეხვედრის მთავარი თემა სირიის კრიზისის მოგვარება და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანების პერსპექტივები იქნება. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.
კომპლექსური მსჯელობა
შეხვედრის გახსნისას ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტებმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე იმსჯელეს პრობლემებზე, რომლებიც ტერორიზმთან უფრო ეფექტური ბრძოლის აუცილებლობასთან არის დაკავშირებული.
„ამ გზაზე რჩება კითხვები, რომლებიც დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ, კერძოდ, სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის შემდგომი მუშაობის კონტექსტში. თვითონ სირიის პრობლემის მოგვარება, ამ ჯგუფის ორი სხდომის მსვლელობისას ვენაში მიღწეული ამოცანებისა და შეთანხმებების კუთხით, ჩვენს გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის პრობლემები უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ სირიის პრობლემატიკა. კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ (არაბულად დაიში) ლიბიაში იკიდებს ფეხს.
„ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად საქმიანობს ერაყში, ტერორისტული გამოვლინებები შეინიშნება იემენსა და ავღანეთში. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ საკითხებს კომპლექსურად განვიხილავთ“, – დასძინა ლავროვმა.
ბრძოლა მოლაპარაკებების გარეშე
კერი, თავის მხრივ, დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დაიშთან ერთობლივი ბრძოლა აუცილებელია.
„რა თქმა უნდა, აშშ და რუსეთი თანხმდებიან, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ჩვენი ქვეყნებისა და ერების საერთო საფრთხეა, მათთან მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია, ისინი ტერორისტები არიან, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს კულტურას, ღირსებას, და ბრძოლის გარდა, არანაირ სხვა არჩევანს არ გვიტოვებენ“, – განაცხადა ჯონ კერიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ–ს, ვენაში სირიის კრიზისის მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში, წარმატებული დიალოგი ჰქონდათ. „ვიმედოვნებ, ნიუ–იორკში (18 დეკემბერს) შევძლებთ განვაგრძოთ (ერთობლივი ძალისხმევა)“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ნორმანდიული ფორმატის ხელშეწყობა
ლავროვი და კერი უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარების პრობლემასაც შეეხნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კონტექსტში ვაშინგტონს კიევზე ზემოქმედებისკენ მოუწოდა, რათა მისი პოზიცია უფრო კონსტრუქციული გახდეს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების დაწყებული საუბრის გაგრძელება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის კრიზისის მოგვარებას შეუწყოს ხელი. ვაშინგტონის კიევზე ზეგავლენის გათვალისწინებით, ეს „ნორმანდიულ ფორმატში“ საქმიანობისთვის კარგი საყდენი იქნებოდა“, – მიიჩნევს სერგეი ლავროვი.
კერიმ, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ მისი მოსკოვში ვიზიტი ამ და სხვა საკითხებში წინსვლას დაეხმარება.
„პრეზიდენტმა პუტინმა და პრეზიდენტმა ობამამ ნათლად განაცხადეს, რომ მათ სირიისა და უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად გამოსავლის პოვნა სურთ“, – აღნიშნა მან.
მთელი მსოფლიო მოიგებს
მთლიანობაში, ლავროვი და კერი შეთანხმდნენ, რომ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთქმედებები აუცილებელია. მათ განაცხადეს, რომ იმედი აქვთ, რუსეთში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მსვლელობისას რიგ თემებთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.
„ვიმედოვნებ, რომ თქვენი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.
კერიმ კი განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთქმედებებით მთელი მსოფლიო მოგებული დარჩება.
„იმედი მაქვს, რომ ამ თათბირზე პროგრესს მივაღწევთ, მსოფლიოს სჭირდება, რომ ორმა მნიშვნელოვანმა ერმა, ორმა ზესახელმწიფომ შეხების წერტილები იპოვოს და ამ საკითხებზე შეთანხმდეს“, – აღნიშნა მან.
ახალი გარანტიები
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვში მიმდინარე შეხვედრა სირიასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასასვლელად კარგი შესაძლებლობაა.
„რა თქმა უნდა, სირიაში ნდობის ზომების შესახებ ვისაუბრებთ. თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამერიკელებთან 12 დეკემბერს ხელმოწერილი ჩვენი მემორანდუმი კონფლიქტების თავიდან აცილების შესახებ, აშკარად არ არის საკმარისი“, – მიიჩნევს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების კათედრის დოცენტი ალექსეი ფენენკო.
„აშშ–ის მხრიდან გარანტიები გვჭირდება არა მხოლოდ თვითონ მათთან, არამედ ნატოს მათ მოკავშირეებთან მიმართებითაც“, – აღნიშნა მან.
ექსპერტის აზრით, ლავროვსა და კერის ასევე შეუძლიათ სირიის მომავალი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე პოზიციების შეჯერება, თუმცა, დღევანდელი შეხვედრიდან ამ საკითხზე მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინი არ ღირს. „მთავარია, საერთოდ დავიწყოთ ამის განხილვა“, – აღნიშნა ფენენკომ.
უჩვეულო ფორმატი
სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი ოზნობიშჩევმა აღნიშნა, რომ თავად კერის ვიზიტის ფორმატი უჩვეულოა. „რომ არა სოჭის შეხვედრა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ (შეხვედრა) უპრეცედენტოა. ხოლო ყველაფერი ერთად – ეს უჩვეულო ფორმატია: როცა საგარეო საქმეთა მინისტრი (აშშ–ის სახელმწიფო მდივანი) რეგულარულად ხვდება სახელმწიფოს მეთაურს (რუსეთის პრეზიდენტს)“, – მიაჩნია ოზნიბიშჩევს.
ექსპერტის თქმით, ვიზიტის ამგვარი ფორმატი ნიშნავს, რომ „რომ კერისაც აქვს სათქმელი პუტინისთვის და პუტინსაც აქვს ობამასთვის სათქმელი გადასაცემი“. „ფაქტობრივად, საუბარია გარკვეულ ნიადაგის მომზადებაზე და ორივე მხრიდან უმაღლეს დონეზე კონტაქტების რაღაც ფორმატზე გადასვლის სურვილზე“, –განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. სერგეი ოზნობიშჩევმა აღნიშნა, რომ ობამას ამაზე პირდაპირ წასვლა არ შეუძლია, რადგანაც ამერიკის კონგრესის მხრიდან მისი ქმედებები ბევრ რამეში შეზღუდულია.
მისი აზრით, ამ კონტაქტებში რუსეთის მიზანია დასავლეთთან, პირველ რიგში, აშშ–თან ახალი პირობებით დიალოგთან დაბრუნება. ოზნობიშჩევი ვარაუდობს, რომ ამაში იგულისხმება მოსკოვის სწრაფვა, „ანგარიშს უწევდნენ, თანასწორად აღიქვამდნენ… რუსეთი აღიქვან, როგორც თანასწორი მსოფლიო ზესახელმწიფო და აღიქვან ჩვენი შეშფოთება უსაფრთხოების სფეროში და ამას ყურადღებით მოეკიდონ“.
„შესაძლებელია ამ მიზნების განხორციელება? ამას დრო სჭირდება, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ასეთი უჩვეულო ფორმატით კერის მეორე ვიზიტის სახით, უკვე იდგმება“, – აღნიშნა ექსპერტმა.