თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას სრულიად რეალურად მიიჩნევს, თუ მისი მონაწილეები მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს არ გაჰყვებიან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მიგვაჩნია, რომ ეს ამოცანა სრულიად რეალურია. ბოლოს და ბოლოს, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმის, როგორც აბსოლუტური ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანება, რეალურად მოხდა და მისი დამარცხება მოხერხდა, განზე გაწიეს ყველა უთანხმოება, მათ შორის იდეოლოგიური, რომელიც, დღევანდელი ეპოქისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს ჰყოფდა. მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც მეორეხარისხოვანი, რომელსაც ეგზისტენციური მნიშვნელობა არა აქვს, გვერდით გაწიეს. მთავარი იყო, არ დაეშვათ ნაცისტების მიერ, მათი კაცთმოძულე იდეოლოგიით, მსოფლიოს დაპყრობა“, – განაცხადა ლავროვმა იტალიური მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ახლა კი კაცთმოძულე იდეალებს ე. წ. „ისლამური სახელმწიფო“ ქადაგებს, რომელსაც სახელმწიფოდ გადაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ და რომელსაც ყველანაირი ილუზია უნდა მოვუსპოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ისლამთან რამენაირად ასოცირება შეუძლიათ. ესენი კაცობრიობის აბსოლუტური მტრები არიან და ასე უნდა განვიხილოთ ისინი“, – აღნიშნა რუსული საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ ტერორისტების წინააღმდეგ გაერთიანება შესაძლებელია, რამდენადაც ასეთ დაჯგუფებებს ევროპის, ევროატლანტიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პრაქტიკულად ყველა წამყვანი სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ძალები ებრძვიან.
„კოალიციის შექმნა სრულებით რეალურია, ამავდროულად, თუ არ იქნება რაიმე ცალმხრივი გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობა“, – განაცხადა ლავროვმა.