თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად „დაიში“) მეთაურმა აბუ ბაქრ ალ–ბაღდადმა თურქეთი, სადაც თითქოსდა მკურნალობის კურსს გადიოდა, უკვე დატოვა და ახლა ის ლიბიაშია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ირანულ სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით.
სააგენტოს მონაცემებით, აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი თურქეთიდან ლიბიის ჩრდილოეთით, ქალაქ სირტში გადავიდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტების მეთაურმა ეს ნაბიჯი ბაღდადის დაზვერვის მხრიდან დევნისა და „ნადირობის“ მიზეზით გადადგა.
„სანამ მას ერაყსა და სირიაში ეძებენ, არავინ მოელის, რომ ის სირტში იქნება“, – განაცხადა წყარომ.
აქამდე ალ–ბაღდადი ერაყიდან სირიაში და პირიქით მოძრაობდა, იუწყება „ფარსი“. ოქტომბერში ერაყის სამხედრო–საჰაერო ძალებმა ალ–ბაღდადის კოლონას ავიადარტყმა მიაყენეს. ამ ოპერაციის შედეგად დაიშის ლიდერი დაიჭრა.
ერაყში არასტაბილური ვითარება კვლავ გრძელდება. დაიშმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედებისას ერთ–ერთი უსასტიკესი დაჯგუფების სახელი მოიხვეჭა. ბოევიკების ქმედებების შედეგად ათეულ ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ასეულ–ათასობით – ლტოლვილად იქცა და კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი ტყვედ იმყოფება.
2014 წლის ივნისის თვეში ტერორისტებმა – საკუთარი კანონებითა და სახელისუფლებო სტრუქტურებით – ე. წ. ხალიფატის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. ხალიფად დაჯგუფების ლიდერი აბდალა იბრაჰიმ ას–სამარაი დასახელდა, რომელიც აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის სახელითაა ცნობილი.