მიხაილ სინელნიკოვი: საქართველო პოეტების ქვეყანაა

© photo: Sputnikმთარგმნელი მიხაილ სინელნიკოვი
მთარგმნელი მიხაილ სინელნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოსკოველ პოეტზე, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატ მიხაილ სინელნიკოვზე უკეთ იცნობს ქართულ პოეზიას. იგი გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან თარგმნის ქართველი პოეტების შემოქმედებას რუსულად.

მიხაილ სინელნიკოვი Sputnik–ს ქართული პოეტური სიტყვის თავისებურებებზე, იოსებ სტალინის ლექსებზე ესაუბრა და ისიც უამბო, როგორი გავლენა მოახდინა უკვდავმა „ვეფხისტყაოსანმა“  შორეული ყირგიზეთის მმაჩის ბიუროების მუშაობაზე.

 

– გვითხარით, ასეთი დიდი პოეტი, რატომ იქეცით თარჯიმნად? 

– 70–იან წლებში, როცა ლიტერატურაში დამკვიდრებას ვცდილობდი, მაშინ პოეტების ახალი თაობისადმი ხელისუფლებას ტენდენციური. „ზემოთ“ ჩუმად აღიარეს, რომ ევტუშენკოს, ვოზნესენსკის, ახმადულინას თაობის მიმართ ჩატარებული ექსპერიმენტი შეცდომა იყო. ამ საერთაშორისოდ აღიარებული ჯგუფის არსებობას იძულებით იტანდნენ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს. მაგრამ რაიმე მსგავსი მომავალში გამორიცხული იყო. ასე რომ, სამოციანელი პოეტები „განწირულნი“ იყვნენ, სამუდამოდ დარჩენილიყვნენ ახალგაზრდებად.  

ამიტომ არჩევანი უბრალო იყო: ან კომკავშირული პოეტი უნდა გავმხდარიყავი და დაუყოვნებლივ შევდგომოდი რომელიმე კომბინატის მშენებლობაზე პოემის თხზვას, ან დისიდენტური პოეზია უნდა შემექმნა და ცეცხლფარეშად ან დარაჯად მემუშავა. ჩემს წრეში ერთნიც იყვნენ და მეორენიც. მე კი ამგვარი ლიტერატურული კარიერის არც ერთი ვერსია მხიბლავდა და არც მეორე. და მე, როგორც ჩანს, მაშინდელი ახალგაზრდა პოეტებიდანუკანასკნელი, თარგმნის კარგად გაკვალულ გზას დავადექი. 

ეს ჩემთვის სიკეთე იყო. ჯერ ერთი, თარგმანი გარკვეულწილად უზრუნველმყოფდა და მეორეც, თავისუფლებას მანიჭებდა, ვინაიდან შემეძლო არაფერში მემონაწილევა, არსად გავერთიანებულიყავი, შემეძლო წავსულიყავი იმ ქვეყანაში, რომლის პოეტებსაც ვთარგმნიდი და დიდხანს მეცხოვრა იქ. მაგრამ, მეორე მხრივ, ხარვეზიც ჰქონდა, ვინაიდან თარგმნა ერთგვარი დაღი იყო და არაფრით მიმსუბუქებდა საკუთარი ლექსების ბეჭდვას. 

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 4-6 დეკემბერი

– რომელი ენებიდან თარგმნიდით?  

– ძირითადად, აღმოსავლელ პოეტებს ვთარგმნიდი — სპარსულ–ტაჯიკური პოეზიის ავტორებს, თურქ, სომეხ და ქართველ კლასიკოსებსა და თანამედროვე პოეტებს. ორმოცზე მეტი ქართველი პოეტის ნაწარმოები მაქვს თარგმნილი და მგონი, ქართული პოეზია ჩემს საკუთარ ანთოლოგიაში ყველაზე მეტია.  საერთოდ, საქართველო ჩემი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია და ვფიქრობ, საუკეთესოც, იმიტომ, რომ ახალგაზრდობის წლებს დაემთხვა. 

– როდიდან დაიწყეთ ქართული პოეზიის თარგმნა?

– ქართულ თარგმანებში პოეტმა ალექსანდრ მეჟიროვმა ჩამითრია 1970 წელს. ერთი წლის შემდეგ პირველად ჩავედი თბილისში. შთაბეჭდილება იყო გამაოგნებელი. იქ საოცარ ადამიანებს შევხვდი, საოცარ პოეტებს. 

ძალიან მალე ცნობილ მთარგმნელად ვიქეცი. ეს იმის გამო მოხდა, რომ ძველი მთარგმნელები საქმეს შეეშვნენ, მეჟიროვი და არსენი ტარკოვსკი კი ძალიან მედგნენ გვერდში. თანაც, თქმაც აღარ უნდა, რომ  ვიცნობდი იმ პერიოდის ყველა ცნობილ მწერალსა და პოეტს საქართელოში. 

სანქტ–პეტერბურგი - Sputnik საქართველო
ფესტივალი „შეიგრძენი საქართველო“ სანქტ–პეტერბურგში

– რამდენად ძლიერი იყო ქართული ლიტერატურული თარგმნის ტრადიცია?

– ქართულ პოეზიას რუსულად დიდზე დიდი ხანია თარგმნიან. სერიოზულად ეს მგონი, ბალმონტიდან დაიწყო. ის ემიგრაციაში მიემგზავრებოდა  და თბომავალზე შეიტყო ინგლისელებისგან დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის შესახებ. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად მოიხიბლა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გადათარგმნა. უკვე მერე, საბჭოთა პერიოდში, საქართველოში ჩადიოდნენ ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი, ნიკოლაი ტიხონოვი…   

ახლა რომ ვუყურებ, ქართული პოეზიის შედევრების ვრცელი კრებულისთვის მაქვს თავი მოყრილი — ჩემი აზრით, საუკეთესო რუსულ თარგმანებში. ალბათ, ეს სწორედ მე უნდა გამეკეთებინა, ვინაიდან ობიექტურად ბოლო ვიყავი მათ რიგებში. წიგნში შესულია პასტერნაკის, ცვეტაევას, მანდელშტამის, ლივშიცის, ტიხონოვის, ზაბოლოცკის, ანტოკოლსკის, ტარკოვსკის, მეჟიროვის, ევტუშენკოს, ახმადულინას, ლეონოვიჩის… ოცდაათზე მეტი პოეტის თარგმანები.   

ეს ანთოლოგია 2008 წელს უნდა გამოცემულიყო, მაგრამ თარიღმა კონფლიქტის გამო გადაიწია და 2013 წელსღა გამოიცა, ისიც ძალზე შეზღუდული ტირაჟით. თუმცა თბილისში მაინც შეაღწია. 

წიგნი შემკულია რუსი პოეტების ლექსებით საქართველოზე — პუშკინის, გრიბოედოვის, ლერმონტოვის, ბალმონტის, ბუნინის, მაიაკოვსკის, ესენინის, მანდელშტამის, პასტერნაკის, ტიხონოვის, ზაბოლოცკის ლექსებით. სხვათა შორის, საქართველოზე შესანიშნავი რუსული ლექსები რაოდენობით ნათარგმნზე ნაკლები როდის, თუმცა თარგმნილი  პოეზიაც რუსული პოეზიის ნაწილად იქცა. 

– შესაძლებელია თუ არა ქართველი პოეტების იერარქიის აგება?

– რა თქმა უნდა. ქართულ პოეზიაში არსებული იერარქია საყოველთაოდაა ცნობილი. თავიდან მივყვეთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული ენა, მართალია, მდიდრდებოდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მაინც საკმაოდ კონსერვატულია. ამიტომ ქართველები რუსთაველს ბევრად მარტივად კითხულობენ, არ აწყდებიან იმგვარ სირთულეებს, როგორსაც ინგლისელები შექსპირის, ან რუსები „იგორის ლაშქრობის“ კითხვისას. 

თუშეთი - Sputnik საქართველო
Google Maps 200–ზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლის მოძიების შესაძლებლობას იძლევა

შოთა რუსთაველის პოემა ოჯახებში ინახებოდა როგორც უდიდესი საგანძური და საუკუნეების განმავლობაში, თითქმის 900 წლის მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ახალ დროში რუსთაველის პოეზიამ გავლენა მოახდინა სხვა ხალხების სიტყვიერებაზე. მაგალითად, 1938 წელს დიდმა პოეტმა ალიყულ ოსმანოვმა „ვეფხისტყაოსანი“ ყირგიზულად თარგმნა და იგი ყირგიზი ხალხის უსაყვარლეს ნაწარმოებად იქცა. იქ ბავშვებს დღემდე არქმევენ რუსთაველის გმირების სახელებს — ტარიელსა და ავთანდილს. 

ამას მოჰყვა შუა საუკუნეების დახვეწილი პოეზია, მერე მე–18 საუკუნისა, მე–19 საუკუნემ ხომ პოეტი–რომანტიკოსების მთელი პლეადა შვა. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, საოცარი პოეტი გრიგოლ ორბელიანი (რომელიც ზაბოლოცკიმ ბრწყინვალედ თარგმნა) და უშესანიშნავესი  ნიკოლოზ ბარათაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ოცდაათამდე ლექსი და ერთი მცირე ზომის პოემა დატოვა, რუსთაველის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილი ყველაზე დიდი პოეტია.   

ამის შემდეგ იყო ორი ბუმბერაზი პოეტი: აკაკი წერეთელი — რომლის შემოქმედებაშიც რაღაც სიახლოვე იგრძნობა პუშკინთან და ნეკრასოვთან, და თითქმის ყველასთვის ბავშვობიდან საყვარელი პოეტი ილია ჭაჭავაძე — ქართველი ერის მამა. მან შექმნა თანამედოვე ქართველის ხატება. ის მათი მასწავლებელი და მოძღვარია. ჩემი აზრით, საქართველო დღემდე ილიას ანდერძით მოვიდა.

– რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს?

— მოდით, ისტორიის ამ მონაკვეთს „ახალი დროება“ დავარქვათ. ის XIX საუკუნის ბოლოსა და მთელ ХХ საუკუნეს მოიცავს. ახალ დროებაში საქართველოს ორი უმთავრესი პოეტი გახლდათ ვაჟა–ფშაველა და გალაკტიონ ტაბიძე. ვაჟა–ფშაველა – ეს ფილოსოფოსი პოეტია, ეპოსის შემოქმედი. გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და სიმბოლიზმის მამამ, გრიგოლ რობაქიძემ თქვა: „იქ, სადაც მთავრდება იბსენი, ვაჟა–ფშაველა იწყება“. 

გალაკტიონ ტაბიძეს სიმბოლისტი იყო, მაგრამ მისი აშკარა დიდებულება, მისი სიტყვის მომაჯადოებელი, ანგელოზთა გალობის მსგავსი მუსიკა იმდენად აუტანელი იყო „თანამოძმეთათვის“, რომ სხვა სიმბოლისტები თავს არიდებდნენ, შურდათ და ამცირებდნენ მას. მოკლედ, ვერ იტანდნენ მის გენიალურობას. ის კი, ბევრი ჭირ–ვარამის მნახველი, ხანდახან თავს მოიგიჟიანებდა და ბევრის უფლებას აძლევდა თავს — ყველასა და ყველაფერს მასხარად იგდებდა.  

გალაკტიონმა თავი მოიკლა, როცა მასთან პასტერნაკის საწინააღმდეგო წერილზე ხელმოწერისთვის მივიდნენ. ის ფანჯიდან გადახტა და მაგიდაზე ლექსებით სავსე ორი საქაღალდე დატოვა — თითოეულში სამასამდე ლექსით. ერთზე ეწერა: „ლექსები“, მეორეზე — „ლექსები იმათთვის“.   გალაკტიონ ტაბიძე კოლოსალური ფიგურაა, მსოფლიო მასშტაბის ფიგურა. 

მათ გარდა არსებობდა სიმბოლისტთა უშესანიშნავესი გუნდი, რომელთაც „ცისფერყანწელები“ ერქვათ. მათგან აღსანიშნავია ტიციან ტაბიძე — გალაკტიონის ბიძაშვილი. მისი ღვთაებრივი ლექსები პასტერნაკმა და ტიხონოვმა თარგმნეს. 

კიდევ ერთი უდიდესი პოეტი გიორგი ლეონიძე გახლდათ, რომელიც ასევე ტიხონოვმა თარგმნა და ამ თარგმანში მთელი თავისი ახალგაზრდული გენიალობა ჩააქსოვა.  

ვაჟა–ფშაველა ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა–ფშაველას მუზეუმი იხსნება

– პირადად თუ იცნობდით რომელიმე ქართველ პოეტს?

— ვიცნობდი სხვადასხვა თაობის პოეტებს. არ დამავიწყდება ირაკლი აბაშიძე. მეჟიროვის შემდეგ მისი მუდმივი მთარგმნელი, მასთან დაახლოებული პირი,  კარისკაცი და ხანდახან მრჩეველიც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო ბრძენი.  

50 წლისა იყო ირაკლი, როცა თითქმის ყველა თავისი ლექსი მოისროლა და იერუსალიმში მოგზაურობის შემდეგ სრულიად გასაოგნებელი მოსანანიებელი ლექსების ციკლი „პალესტინა“ შექმნა. ძალზე ცნობილი ლიტერატურათმცოდნე მიხაილ ბახტინი ისე ააღელვა „პალესტინამ“, რომ შვედეთის აკადემიაში განცხადება აფრინა, სწორედ ასეთი ირაციონალური, მოსანანიებელი, იდეალისტური პოეზია იმსახურებს ნობელის პრემიასო. მაგრამ პრემია ირაკლის არ მისცეს. ის კი არა, მგონი მას შემდეგ რარაცნაირად კიდეც შერისხეს. 

ძალიან ვაფასებ პოეტ ქალბატონს ანა კალანდაძეს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მის ლექსებში იყო რაღაც საოცარი. ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: ანას ლექსებისგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მე–12 საუკუნეში დანთებული სანთლის ალი მოგვწვდაო.  

წუხილით ვიხსენებ სხვა შესანიშნავ პოეტებს: გრიგოლ აბაშიძეს, კოლაუ ნადირაეს, კარლო კალაძეს, ხუტა ბეულავას, შოთა ნიშნიანიძეს, მორის ფოცხიშვილს… სია ვრცელია. 

– ახდენდა თუ არა გავლენას ქართულ პოეზიაზე რუსული პოეზია?

– როცა ნიკოლაი ტიხონოვი პირველად ჩავიდა თბილისში, მასთან სასტუმროს ნომერში მივიდა სრულიად უცნობი პაოლო იაშვილი და ზეპირად წაუკითხა „Мы разучились нищим подавать…“ — ტიხონოვის ლექსი. სხვათაშორის, დიდებული ლექსი. იმ პერიოდის ქართველები კითხულობდნენ რუსულ ლიტერატურას. ახლა ვიღაცეებს არ სურთ აღიარონ, მაგრამ ევროპულ ლიტერატურას მნიშვნელოვანწილად სწორედ რუსულ თარგმანებში ეცნობოდნენ. არ ვარ იმპერიის შეცდომებისა და  ბოროტების დამცველი, მაგრამ მგონია, რომ ის წლები ყველაზე უარესი არ იყო საქართველოს ისტორიაში. ხოლო თუ სტალინის მმართველობის წლებზეა საუბარი, უკაცრავად, მაგრამ ეს ყველამ ერთად გადავიტანეთ. 

– სტალინიც ხომ პოეტი იყო? 

– სტალინი წერდა ლექსებს, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთ ლექსს ბეჭდავენ „მშობლიურ ენაში“. 

– ალბათ, ფსევდონიმით.

– ეს ლექსი იოსებ ჯუღაშვილმა ყმაწვილობაში დაწერა და ილია ჭავჭავაძემ  საკუთარ გაზეშთი „სოსელოს“ ფსევდონიმით გამოუქვეყნა. მაგრამ მერე ილიას აღარ მოსწონებია ახალგაზრდა სემინარიელის ახალი ნაწერები და, როგორც ამბობენ, საბედისწერო სიტყვები უთქვამს მისთვის: ახლა ყველა ქართველი ახალგაზრდა წერს ლექსებს, ზოგი კი რევოლუციონერობს. იქნებ შენც რევოლუციის გზას დასდგომოდიო? 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სტალინმა პოეტობით დაიწყო. არსენი ტარკოვსკიმ მიამბო, რომ სტალინის ლექსების წიგნი რუსულად გამოცემა 1948 წლისთვის იყო დაგეგმილი, 70 წლის იუბილეზე. წინასწარ გაიცა უზარმაზარი ჰონორარი, მაგრამ საბოლოოდ მთარგმნელს ყველა ხელნაწერი ჩამოართვეს. 

– სტალინს თარგმანი არ მოეწონა?

– იყო რა „მთელი პროგრესული კაცობრიობის ბელადი“, ის ვერ მისცემდა თავს უფლებას, წარმოჩენილიყო როგორც ახალგაზრდა ქართველი პოეტი.  ის მხოლოდ მათ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებას დათანხმდა. 

– გამოდის, რომ ამხანაგ სტალინს სცხვენოდა თავისი ლექსებისა.

– საქმე ისაა, რომ მისი ლექსების შინაარსი არაფრით ესადაგებოდა იმ როლს, რომელი მან აირჩია ისტორიაში — ერთი ლექსის გამოკლებით, რომელიც „მშობლიურ ენაში“ დღემდე იბეჭდება და ბავშვებს მამულის სიყვარულს ასწავლის. დანარჩენები არნაირად არ შეესაბამებოდა მარქსიზმს…  

სხვა ვითარებაში სტალინს შეეძლო პროფესიონალ პოეტად ჩამოყალიბებულიყო. საერთოდ საქართველოში ბევრი პოეტია. საბჭოეთის დროს საქრათველოს მწერალთა კავშირში 600 კაცი შედიოდა, აქედან 500 – პოეტი. ეს დაუჯერებელი, მაგრამ ახსნადი ფაქტია — უყვარს ქართველ ხალხს პოეზია.  

– შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურული კავშირების ძველებურად აღდგენა? 

– ვშიშობ, რომ კარგს ვერაფერს ვიტყვი. იცით, ახლა კიდეც მინდა საქართველოში წასვლა და კიდეც მეშინია და თითქოს მტკივა. ისინი, ვინც მიყვარდნენ, საკუთარი სახლების მემორიალურად დაფებად არიან ქცეულები. აღარც იქ არიან ძველებური დონის ხალხი და აღარც აქ. 

ადრე კი სასწაული ხდებოდა, იმიტომ, რომ პასტერნაკი ტიციანისა და კოლაუს  უახლოესი მეგობარი იყო — მას შეეძლო თბილისში წასულიყო და კოლაუსთან ეცხოვრა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ შერისხა; იმიტომ, რომ ტიხონოვი ლეონიძის ნაღდი ძმა იყო და არა მთარგმნელი.

ეს ის საქართველო იყო, რომელიც მე სამუდამოდ შემიყვარდა. 

ყველა ახალი ამბავი
0