თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ კარტოგრაფიულ სერვისზე Google Maps ახლა უკვე 200–ზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლის (ფოტოების, გეოგრაფიული კოორდინატების) შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი — იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.
Google Maps-ზე ქართული ძეგლების განთავსების პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.
„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისზე — Google Maps-ზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გავრცელებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუკის დახმარებით მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც (ზუმირება) შეუძლიათ. საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებენ, საჭირო ფორმატით ამუშავებენ და Google-ს ადმინისტრაციას უგზავნიან.
მონაცემებს თან ახლავს ის ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელსაც საჯარო რეესტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აწვდის. ფოტოების ნაწილი ისტორიულია, ნაწილი კი ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.
Google Maps-ზე უკვე განთავსებულია: ნიკორწმინდა, მოწამეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ბოდბის მონასტერი, გერგეტის სამება, ვარძია, უფლისციხე, უჯარმა, იყალთოს მონასტერი, გრემი, ნეკრესი, შუამთა, ყინწვისის მონასტერი და სხვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლების Google Maps-ზე ეტაპობრივად განთავსება კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. რუკაზე ძეგლების გარდა, სრულად არის განთავსებული თბილისის მონაცემები, შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და ა.შ. შესახებ.