თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვაჟა–ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 18 ნოემბერს მემორიალურ მუზეუმი გაიხსნება, — იუწყება თსუ–ის პრესსამსახური.
ვაჟა–ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) 1915 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში, სადაც ამჟამად თბილისის უნივერსიტეტის მთავარი შენობაა განთავსებული.
„მემორიალური მუზეუმი განთავსდება ოთახში, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მუზეუმის სტუმრები ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალების ნახვას შეძლებენ, რომელთა შორის ხელნაწერების ასლები და პირადი ნივთებიცაა.
მუზეუმში გამოიფინება ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები.
ვაჟა–ფშაველა ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიოს მრავალ, მათ შორის რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენაზეა თარგმნილი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.