სულხან მელაძე
ახალი წლის მობრძანებამდე ზუსტად ოცდაცხრა დღით ადრე ოცდამეცხრეს ვინაობა გაირკვა. ბრიუსელში ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და მონტენეგრო გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებში მიიწვიეს. არ ახალია, რომ წევრობის მსურველები სხვებიც არიან. ყოველი მათგანი "საშინაო დავალებას" ასრულებს და გადაწყვეტილებას ელის. „ნატოს კარები ღიაა და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს…“ ეს ოქროს სიტყვები ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ეკუთვნის და, სავარაუდოდ, "მოლოდინის" რეჟიმში მყოფი სახელმწიფოების გასაგონად ითქვა.
თავყრილობაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც იმსჯელეს და კომუნიკეც მიიღეს.
დოკუმენტით საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ადასტურებენ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთგულებას, მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე.
„ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი კოოპერაციის გზის ჩათვლით, მათ შორის, თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის მოახდინოს სასამართლო სისტემის და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება. მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ტემპი რეფორმების ძალისხმევაში, რომელსაც ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველო კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენ ოპერაციებში ავღანეთში და აღიარებს იმ მსხვერპლს და წვლილს, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეიტანა. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება…“ — ნათქვამია კომუნიკეში.
ალიანსის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ნატო არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორ რეგიონთან — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ე.წ შეთანხმებებს.
მიღებული დოკუმენტის ეს რამდენიმე ამონარიდი ცხადჰყოფს, რომ კომუნიკეს შინაარსი და პათოსი იმედის მომცემია, თუმცა, საკითხავია, ამჯერად მაინც რა ითქვა ახალი, განსაკუთრებული რა იკითხება თავად სტრიქონებში და სტრიქონებს შორის.
ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: „ამ „შთამბეჭდავ“ კომუნიკეში ნიშანდობლივია სიტყვა კონტრიბუცია, რომლითაც ქართველი სამხედროების მონაწილეობა არის აღწერილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ავღანეთის ოპერაციებში. კონტრიბუცია ისტორიულად ეკისრებოდა ომში წაგებულ ქვეყანას. საკითხავია, რომელი ომი წავაგეთ ჩვენ ნატოსთან, რომ კონტრიბუციას ითხოვენ საქართველოსგან? მართალია, 1949 წლიდან კონტრიბუციის დაკისრებას ჟენევის კონვენცია კრძალავს, მაგრამ ამ ტერმინის თანამედროვე განმარტებაც ვერ გამოიყურება კარგად – „შესაწირი“, „მსხვერპლი“, „წვლილი“, „გადასახადი“, „შენატანი“. რას ვწირავთ და რატომ? სხვათა შორის, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) მონაცემით საქართველო მეორე ადგილზეა 885 კაცით აშშ-ის შემდეგ, ხოლო ჩერნოგორიას ავღანეთში სულ 17 ჯარისკაცი ჰყავს. ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჩერნოგორია მიეწვიათ ნატოში, ჩვენ კი კვლავ კომუნიკე გვერგო. ყოველ მინისტერიალსა და სამიტზე ვიღებთ სამომავლო დაპირებებს და სხვადასხვა „ოქროს ბარათს“. ამჯერად დაგვპირდნენ, რომ შეისწავლიან ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გახადონ „ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი კოოპერაციის გზის ჩათვლით, მათ შორის თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში“. და ასე შემდეგ. ეს ტექსტი გვეუბნება იმას, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უკვე ოცი წელია, ამას თითქოს ყველა აღიარებს, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ორი კვაზი–სახელმწიფო რუსეთს აქვს აღიარებული და ეს ორი აღიარება ნამდვილად არ არის თანაბარი წონის".
არაფერი ახალი არ თქმულა. ნატოს გაფართოება რომ არ იგეგმება, ამის შესახებ თავად ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ასევე არაერთხელ განაცხადეს, მაგრამ ჩვენ მედასავლეთეებს ეს არაფერს აჩვენებს. მეტიც, თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროსთან დაკავშირებით კურიოზული განცხადება გააკეთა მინისტერიალამდე გაცილებით ადრე. მან პირდაპირ თქვა, რომ გაუგებარია მონტენეგროს ნატოში მიღება, როცა იქ მოსახლეობის მხოლოდ მესამედს უნდა ნატოში ინტეგრაცია და არ მიღება საქართველოსი, სადაც უმრავლესობა ნატოს მომხრეა. პრაქტიკულად ამ გულწრფელ განცხადებაში მას წამოსცდა, რომ ჩერნოგორიელებს არავინ ეკითხება მათი ქვეყნის ნატოში მიღებას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან. კიდევ უფრო შორს წავიდა ხიდაშელის თანაპარტიელი ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნატოს წევრობა მეხუთე მუხლის გარეშეც, ანუ ნატო არ იყოს ვალდებული დაიცვას საქართველო რუსეთთან კონფლიქტის დროს. მაშინ რას გვაძლევს ნატო? აკი მთავარი არგუმენტი ნატოში შესვლისა სწორედ კოლექტიური თავდაცვის ქოლგა იყო?
ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველო (ბერძენიშვილის სახით) ყოველგვარი სარგებლის გარეშეც კი თანახმაა ნატოს წევრობაზე, რაც მხოლოდ ნატოს აძლევს ხელს. ყოველგვარი ვალდებულების გარეშე რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ნამდვილი ჯეკპოტია ნატოსთვის. ჩვენ რას მივიღებთ? მადლიერი დასავლეთისგან მხარდაჭერილ „რესპუბლიკელებს“ ხელისუფლებაში!
საქართველოს ეროვნული ინტერესი არ არის ჩვენი ტერიტორიის ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად გადაქცევა. უსარგებლო კოლექტივისკენ სწრაფვას ჩვენთვის მხოლოდ კონტრიბუცია მოაქვს, სარგებელს კი ცალკეული პოლიტიკოსები იღებენ.
კიდევ ერთი ციტატა კომუნიკედან: „ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის მოახდინოს სასამართლო სისტემის და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება“. შესაძლოა, აქ ის იგულისხმება, რომ თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა საკუთარ ბალანსზე არსებული კოჯრის სარეტრანსლაციო ანძა საგარეჯოს რაიონში „ობიექტივის“ მაუწყებლობის ჩასახშობად გამოიყენა, რათა ყველა სხვა რესურსთან ერთად, საკუთარი პროტეჟეს არჩევნებში გამარჯვება უზრუნველეყო.
ასეა თუ ისე, ახალი არც ამჯერად გაგვიგია რაიმე. ნატოს საკუთარი თავსატეხიც ჰყოფნის, რომ ახალი პრობლემები არ შეიქმნას საქართველოს მიღებით. ცალკეულ ერთგულ პოლიტიკოსებს კი ბევრ რამეზე დაუხუჭავს თვალს. და კიდევ ერთი: თავად აპატურაიმ გვამცნო, რომ „მაპზე უკეთესის“ იმედზე არ უნდა ვიყოთ – მაპის, ანუ სამოქმედო გეგმის მიღება და გავლა აუცილებლად მოგვიწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლოდინის რეჟიმი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება".
ვინ იქნება შემდეგი საქართველო თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, ამას დრო გვიჩვენებს. რაც მთავარია, პესიმისტებს და ოპტიმისტებს დიდხანს ლოდინი არ მოუწევთ. მორიგი სამიტი ვარშავაში 2016 წელს გაიმართება და, შესაძლოა, ალიანსის ოცდამეათე წევრის ვინაობაც გაირკვეს. არ დავივიწყოთ რეალისტებიც. ისინი დიდი ხანია აღარ "ელიან", მათ ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.