თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნატოსაგან არანაირი გარანტიები არ მიუღია ალიანსში შესაძლო შესვლის შესახებ, განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიუსელში 1-2 დეკემბერს გამართული ნატოს მინისტერიალის შედეგების კომენტირებისას.
საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ იმედი აქვთ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების (MAP) ვარშავაში, 2016 წლის ივლისში დაგეგმილ სამიტზე.
„ჩვენ არ მიგვიღია არც ნატოს წევრობის, არც MAP-ის მიღების გარანტიები. და ჩვენი უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც გვპირდებიან, რომ ნატოში MAP-ის გარეშეც შევალთ, დღეს ნატოს წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ MAP-ი ალიანსში შესვლის პროცესის განუყოფელი ნაწილია“, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნატოს კომუნიკეს ტექსტი იმდენად ჩახლართულია, რომ რთულია ადეკვატური დასკვნების გაკეთება, რადგან ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.