თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ნატოს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, განაცხადა პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლევან ჩაჩუამ ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
„ის პროპაგანდა, რომელსაც საქართველოში ბოლო ორი ათწლეულია ეწევიან, თითქოს ნატო ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, სიცრუეა. ბევრი ამით დღესაც მანიპულირებს, რომ ხელისუფლებაში თავისი ყოფნა გაიხანგრძლივოს. პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ნატოს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა არანაიარად არ შეუძლია. პირიქით, ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, რომ ისინი აქეზებდნენ სააკაშვილს და ამ მანიაკურმა რეჟიმმაა საქართველოსა და რუსეთს შორის ომის გაჩაღება შეძლო“, – განაცხადა ჩაჩუამ.
ორივე მხარემ უზარმაზარი შეცდომები დაუშვა, მაგრამ საქართველომ და რუსეთმა, რომლებიც ერთმორწმუნე ქვეყნები არიან, საერთო ენა აუცილებლად უნდა გამონახონ და შეცდომები გამოასწორონ, აღნიშნა მან. ბრიფინგზე ჩაჩუამ წარმოადგინა ნარკვევი „ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულება საქართველოსადმი რუსეთ–თურქეთის ომის დროს“, სადაც ისტორიული ფაქტების მიმოხილვაა მოცემული.
„ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება ისტორიული ფაქტების გააზრებაა, რომლებსაც რუსეთ–თურქეთის ომის დროს ჰქონდა ადგილი, და ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებას საქართველოსა და რუსეთისადმი. გვახსოვს, რომ რუსეთ–თურქეთის ომის დროს თურქეთის მხარეს იბრძოდნენ ინგლისელები, გერმანელები, ავსტრიელები. და ძალიან ხშირად, ზავის დადების დროს ევროპული სახელმწიფოები თურქეთის პოზიციას უჭერდნენ მხარს და ქართულ მიწებს თურქეთის საზღვრებში აღიარებდნენ“, – აღნიშნა ჩაჩუამ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში პარტიის წევრები ხუცუბანში (ქობულეთის მიმდებარე დიდი სოფელი) ჩასვლას აპირებენ, სადაც რუსეთ–თურქეთის ომში, 1877–78 წლებში, უფრო კონკრეტულად კი, ციხისძირთან ბრძოლაში 1878 წლის 18 იანვარს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოა. პარტიის წევრები იქ მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის „ოტჩიზნას“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი პარტიის საქმიანობას მიესალმა, რომელიც ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენას ემხრობა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მეგობრული ფორმების მოძიებაა საჭირო.
„ჩვენ შეხების ძალზე ბევრი საერთო წერტილი გვაქვს, ძალიან ბევრი ჩვენი დიდი ისტორია, რის გამოც ვისწრაფვით კიდეც ერთმანეთის საპოვნელად, იმ ნდობის დასაბრუნებლად, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის იყო და გვინდა იმ ნორმალურ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ, რომელიც გვქონდა… ისტორია არ იკარგება, ის არის, უბრალოდ, უნდა წავიკითხოთ, შევისწავლოთ და დავინახოთ, ვინ არის სინამდვილეში შენი მეგობარი, ვინ – მტერი, ვინ ვინ არის“, – აღნიშნა სვარჩუკმა.